საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-21

  ..

ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე განაცხადა. ფორუმი, სახელწოდებით - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში" წყალტუბოში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი თვითმმართველობის გარეშე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დამარცხება წარმოუდგენელია, შესაბამისად, თვითმმართველობების გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ჩვენი პრიორიტეტია ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა მახინჯი ეკონომიკური სისტემა. მე ამის თქმა არასოდეს მომერიდება, ძალიან მარტივი სტატისტიკური მონაცემების გამო. ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტი დამოკიდებულია 300 კომპანიის შენატანებზე. მათგან ყოველი მეორე ურთიერთდაკავშირებული პირია. შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების 50 პროცენტი ფაქტობრივად დამოკიდებულია 150 ბიზნესჯგუფზე, რაც აისახებოდა იმაზე, რომ ჩვენს რეგიონებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სრულფასოვნად წარმოეჩინათ თავისი ეკონომიკური პოტენციალი და მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მის დივერსიფიკაციაში. ამ მოცემულობის შეცვლა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით ეს უნდა შევძლოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ამ თვალსაზრისით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი და მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა საკმაოდ რთული სამუშაო გაწია.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით იყო გარკვეულწილად ჩამორჩენები. წელს, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ბიუჯეტი რეგიონულ დონეზე, ჩვენ წინსწრებით მივდივართ და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას. მუნიციპალიტეტების ძალიან დიდმა ნაწილმა შეძლო მართლაც საკმაოდ რთული სამუშაოს გაწევა და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ამ შედეგს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. ფაქტობრივად 5-6 მუნიციპალიტეტის გარდა ჩვენ შევძელით ამ კრიტერიუმის მიღწევა ყველგან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გაზრდას, ფინანსურ დეცენტრალიზაციას და უფრო გამჭვირვალე ანგარიშვალდებული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას, თითოეული მოქალაქის ჩართულობის უზრუნველყოფას გულისხმობს. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია - ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა; ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

მთავრობის მეთაური სოციალური პროგრამების ნაწილის თვითმმართველობებზე გადამისამართების აუცილებლობასაც შეეხო.

„არ მჯერა, რომ თბილისიდან უფრო კარგად ჩანს ის პრობლემები, რომელიც საზოგადოებას ყველგან რეალურად აწუხებს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს თვითმმართველობების დემოკრატიზაციის პროცესი. თითოეული ჩვენგანი ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ ამ გზაზე ძალიან ბევრი ბარიერი გვაქვს, ერთად გავიარეთ ძალიან ბევრი გამოწვევა და ამ მიმართულებით სხვლა უნდა განვაგრძოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს ყველა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება და ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აქცევს.

„საქართველოს ყველა კუთხეში ყველაზე მეტად აფასებენ წიგნს და უყვართ წიგნი. ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები ყველაზე დიდი რესურსია. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განათლება არის ის ეროვნული იდეა, რომელიც საქართველოს მოუტანს წარმატებას და იმის პოტენციალს, რომ დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, ოკუპაციის ჩათვლით. ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი განათლებაზე მიიმართება, არის ყველაზე თამამი ნაბიჯი, რაც კი გადაგვიდგამს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, როგორ ვხედავთ ეკონომიკის განვითარებას თუ ნებისმიერ სხვა საკითხს. ეს არის თემა, რომლის გარშემო კონსოლიდაციაც საქართველოს მოუტანს შედეგს. ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს გამყარებული საკანონმდებლო დონეზე, რათა ის იყოს მდგრადი, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში არავინ გაბედოს ქვეყნის განვითარების მთავარი გეზის შეცვლა",- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის განხორციელებაში თვითმმართველობების ჩართულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას.

„ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია გვჭირდება მხოლოდ საშუალო სკოლებში იმისთვის, რომ საქართველოში ყველგან მივიღოთ მაღალი ევროპული სტანდარტების მქონე სკოლა. ეს არის ძალიან დიდი ციფრი, მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ბიუჯეტის მეოთხედი იყოს მიმართული განათლებაზე. მე დღეს მქონდა საშუალება, დამეთვალიერებინა ქუთაისის 33-ე სკოლა, რომელიც გარემონტდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სახსრებით. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის მარტივი - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ყველა რეგიონს, ყველა მოქალაქესა და ქართულ ოჯახს მოიცავს, სადაც ყველა რეგიონი თანაბრად ვითარდება, აქ განათლების კომპონენტი უმნიშვნელოვანესია. ნამდვილად არ მინდა, რომ საქართველოში გაგრძელდეს ჩვენი განათლების სისტემისა და განსაკუთრებით სკოლების დაყოფა ორ ჯგუფად - პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ სკოლებად. ეს არის სწორედ ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში ძალიან ბევრი პროგრესული საკითხის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული იდეის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იქნება, რომ საქართველოში ყველა სკოლა იყოს პრესტიჟული, უმაღლესი ხარისხის და თითოეული მშობელი, ახალგაზრდა და მოქალაქე იყოს დარწმუნებული, რომ მას აქვს წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ ბუნებას და ადგილმდებარეობას, რაც მას რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ქცევის შესაძლებლობას აძლევს.

„თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ პროცესში, ისევე როგორც განათლების რეფორმის წარმატებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამ იდეის რეალიზაციის შედეგად დავიბრუნებთ განათლების კერის როლს რეგიონში. ეს იქნება სწორედ ჩვენი ქვეყნის, ქართული სახელმწიფოს წარმატების საწინდარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" IV ფორუმს წყალტუბო მასპინძლობს. მთავრობის მეთაურმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას და ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც პარლამენტს, მთავრობას, ადგილობრივ თვითმმართველობებს და კერძო სექტორს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესების გზებზე მსჯელობის საშუალებას აძლევს.

ფორუმის მონაწილეებს დღესვე სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური