საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ისეთი პროფესიის არჩევა, რომ დაეხმარო საკუთარ მოქალაქეს და სიცოცხლე დააყენო საფრთხის ქვეშ, შეუძლია ყველაზე გაბედულ ადამიანს და მათ, რომელთაც უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-31

  ..

ისეთი პროფესიის არჩევა, რომ დაეხმარო საკუთარ მოქალაქეს და სიცოცხლე დააყენო საფრთხის ქვეშ, შეუძლია ყველაზე გაბედულ ადამიანს და მათ, რომელთაც უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ყავს  პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია, რომელიც იცავს კანონს.

„დღეს საქართველოს ყავს  პოლიცია, რომელიც არის შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავე დროს ინარჩუნებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ეს არის ძალიან დიდი და ისტორიული მიღწევა და თითოეულ თქვენგანს მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და მინისტრს გატარებული რეფორმებისთვის და იმ ახალი რეფორმების წარმოდგენისთვის, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პოლიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეფორმების რეალიზაციის შედეგად თქვენი წარმატება იქნება ახალ დონეზე, რაც ნიშნავს ჩვენი სამშობლოს წარმატებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალებით დაკომპლექტებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ყავს საქართველოს. 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო , რომ ჩვენ შევძელით გამოგვენახა საბიუჯეტო სახსრები იმისთვის, რომ თქვენი სოციალური სიტუაცია გაუმჯობესებულიყო. გპირდებით, რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ქართული პოლიციის წინააღმდეგ. მინდა მოგმართოთ არა როგორც პრემიერ-მინისტრმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ და თქვენმა მეგობარმა და გთხოვოთ, რომ გულთან ახლოს არ მიიტანოთ ეს უსაფუძვლო ბრალდებები. იმიტომ, რომ თმენის ვალდებულება ნიშნავს უმაღლეს პროფესიონალიზმს. მინდა გითხრათ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე ამაყობს თქვენით. თქვენ ხართ გარანტი იმისა, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. თქვენ ხართ გარანტი თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. მინდა თითოეულ თქვენგანს  მადლობა გადავუხადო გაწეული წვლილისთვის იმ წარმატებაში, რაც აქვს საქართველოს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ენთუზიაზმით, ერთსულოვნებით, ჩვენი სამშობლოს მიმართ ერთგულებით, თქვენი პროფესიის მიმართ ერთგულებით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინ ბევრი წარმატება გველოდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური