საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-18

..

საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება. ამ მიზნით, ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ის ექსპერტები საქართველოს ივლისში ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ივლისიდან აქტიურად დაიწყება და წლის ბოლომდე ქვეყანას კონკრეტული შედეგი ექნება.
საუბრისას, დადებითად შეფასდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და IOHK-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ბიზნესისა და სახელმწიფო სერვისების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო საჯარო სექტორში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია და განათლების რეფორმის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან პარტნიორობა მისასალმებელია.

IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.  
 
ჩარლზ ჰოსკინსონი დარწმუნებულია, რომ პარტნიორობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება და  წარმატებული თანამშრომლობა შედგება კაპიტალის ბაზრების, ჯანდაცვის სფეროსა და ანგარიშსწორების სისტემების მიმართულებით.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური