საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

გიორგი გახარია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს - საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-09-23

საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიო ბანკთან ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე - მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა და შესაბამისად, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საუბრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური