საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-21

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ახალგაზრდა ქართველი სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.
ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-მა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის - CVVC-ის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. 

Vault Wines - ის პროგრამა, რომელიც ღვინის ელექტრონული კომერციის ბიზნესსა და ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მართვას გულისხმობს, 125 000 აშშ დოლარით დაფინანსდა და პროექტს 10 კვირის განმავლობაში 70-ზე მეტ გამოცდილ ექსპერტთან ერთად ამუშავებდა, რამაც ხელი შეუწყო პროექტის დახვეწას და საერთაშორისო კავშირების დამყარებას. ქართულ სტარტაპს უკვე ჰყავს შვეიცარიელი და ავსტრიელი კონტრაქტორები, რომლებიც მას გაუყალბებელი ჰოლოგრამებით და QR კოდებით უზრუნველყოფენ.
პრემიერ-მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური