საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-23

დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო უნდა გახდეს და გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა ჩვენ ბევრი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც ვიმსჯელეთ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2020 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველო წარადგენს კონკრეტულ ხედვას, როგორ ხედავს ევროკავშირში ინტეგრირების შემდგომ პროცესს და ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც საუბარი შედგა ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის პრეზიდენტებსა თუ პრემიერებთან.

"ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები აფასებენ საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ პროგრესს, ყურადღებით აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამბობენ, რომ არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და ეს პასუხისმგებლობა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. გარდა ამისა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უსაფრთხოების კონტექსტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის კონტექსტში და ეს ის ფუნქციაა, რომლითაც დღეს საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნაში. ამას ჩვენი პარტნიორები აფასებენ, ასევე აფასებენ საქართველოს ინტეგრირების ხარისხს ნატოსთან და აცხადებენ, რომ 2019 წლის შედეგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ქვეყნის ფინანსური მდგრადობის ხარისხს პოზიტიურად აფასებენ.

მთავრობის მეთაურის თქმით ვიზიტის ფარგლებში კონკრეტულად საუბარი შედგა იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოთი, ან რომელთა საქართველოში შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

"შედგა შეხვედრა "კოკა-კოლას" ვიცე-პრეზიდენტთან, რომელმაც კონკრეტულ საინვესტიციო გეგმებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ჩვენ სრული მხარდაჭერა აღვუთქვით ახალი პროექტების განხორციელებას, რადგან ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. ასევე შეხვედრა გვქონდა citi bank-ის წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობის და შემდგომი განვითარების შესახებ, იმ რეფორმებზე, რომლებსაც ვატარებთ ფინანსურ სექტორში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაციები საქართველოს დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას და ჩვენი ფინანსური მდგრადობის ხარისხს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეხვედრები გაიმართა ენერგეტიკის სექტორის მსხვილ კომპანიებთან.

"განახლებადი ენერგია დღეს ტრენდული მიმართულებაა მსოფლიოში. ბევრი წინადადება გვაქვს საერთო პროექტების თვალსაზრისით. საქართველო ატარებს ენერგეტიკის სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმას, რაც დიდ ინტერესს იწვევს კომპანიებში, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილებაც და ამავდროულად აქვთ სურვილი, ახალი პროექტები განახორციელონ საქართველოში. შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელ chamille bloch-ს უკვე შერჩეული აქვს საქართველოში 650 ჰექტარი მიწა, რომელზეც თხილის პლანტაციების პროექტს განახორციელებს. იმედი მაქვს, ყველა შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ჩავატარეთ, მოჰყვება შემდგომი გაგრძელება და დასრულდება კონკრეტული შედეგებით", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური