საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-03-22

...

აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ავიაკომპანია "აირზენას" განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით,  ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.  ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ჩვენთან, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს, თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორც ყველაზე უფრო უსაფრთხო იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

ზალკალიანის თქმით, ვინაიდან მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებაა საჭირო.

„აუცილებელია, რომ ეს იყოს შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ამჟამად არანაირი ბიზნესინტერესები ჩვენთვის საინტერესო არ არის. მე მხედველობაში მაქვს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, თითქოს ხელისუფლებისკენ არის გადმობრალება, რომ  ჩვენგან ხდება. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ჩვენთვის უმთავრესი. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას ჩვენი საელჩოების, საკონსულოების მეშვეობით, 24-საათიან რეჟიმში, ჩვენ ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას. ამ ინფორმაციის აკუმულაცია შემდეგ ხდება და ხდება კოორდინაცია და შეთანხმება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებასთან, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება ამ რეისების დაგეგმვა. ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ ახლა და შეცდომის დაშვების უფლება არავის გვაქვს ვთხოვ ყველას, მათ შორის ბიზნესს, რომ ახლა აქ ბიზნესინტერესები არ არის მთავარი, მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა" ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge  შექმნა

#StopCoV


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური