საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-29

„მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დასმული იყო პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით მივიდა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მკაცრად დაეცვათ რეგლამენტით გათვალისწინებული წესები.

„ბატონო თავმჯდომარევ, მინდა გთხოვოთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ 11 საათი ჩვენ აქ უკვე ვიდექით და ეს იყო სულ 1 დღის წინ, დღესაც აქ ვდგავარ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, 29 მაისს, საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი და მადლობა გადაუხადა თითოეულ მოქალაქეს გონიერებისთვის, რამეთუ დღეს ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს 8 ახალი ინფიცირებული, აქედან 6 ადამიანი არის საკარანტინო ზონიდან და 2 ადამიანი არის სატვირთო მანქანების მძღოლი. მინდა პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ და გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში  პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა  ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პენსია გაიზარდა 20 ლარით და ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება, თუმცა მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ციფრები საკმარისზე ბევრად ნაკლებია.

„2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას. 

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2012 წელს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს კი ჯანდაცვის დაფინანსება არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი. მისივე თქმით, 2012 წლის შემდგომ და დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ბიუჯეტის 1/3 არის მიმართული სოციალური ხარჯებისთვის, რაც აქამდე ასე არ იყო.

„2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მას შემდეგ მთავრობამ იზრუნა, რომ  მშობლებს ყოველწლიურად ბავშვების სკოლაში გაშვებისთვის წიგნებში ფული არ ეხადათ, საქართველოს მთავრობამ იზრუნა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა, ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მლნ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში. არავის ახსოვს ის ცვლილებები, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა, 2012 წელს ჯანდაცვის დაფინანსება გახლდათ 332 მლნ ლარი, დღეს ეს არის 1 მლრდ 76 მლნ ლარი და მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა საერთოდ როგორც სტრუქტურული ერთეული არ არსებობდა გაჭირვებული ადამიანი, შვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინა სახლს ყიდდა და უკიდურესი სიღატაკისთვის იყო სამუდამოდ განწირული," - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის იმ პროექტებზე, რომლებიც სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

„ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებიც თბილისში მრავლადაა, არის საცხოვრებელი სახლები და მასში 2008 წლამდე ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი.

„დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე ის პროექტი, რომელიც მიმართულია სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, იმიტომ, რო  არ თქვა არაფერი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა, 30 000-მა მოქალაქემ, იპოთეკური სესხით გადაწყვიტა საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება. აქედან, 25 ათასი მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, ბანკიდან სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები დასრულებული არ არის და მშენებარეა. გამოდის, რომ  ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი. დღეს ჩვენ ჯერ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. დღეს თბილისის მერია იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებითაც გადატენილია თბილისი, ჩონჩხების სახით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლები და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი 2008 წლამდე. 12 წლის უკან და დღეს მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. ზუსტად იგივეს გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო კვლავ თბილისი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა პარლამენტში აღნიშნა, ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არავის აინტერესებდა, ახლა კი მას ტყუილებით ედავებიან, რომ თურმე თვითდასაქმებულებს მთავრობამ ზედმეტი საბუთები მოსთხოვა.

„არ ვიცი რა სიტყვებით შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან  ერთად  იბრძვის ორ ძირითად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტიურად, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და იმისთვის, რომ ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული, სახლში შესატანი შემოსავალი. ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო არ აინტერესებდა, არც აღირიცხებოდა, ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს, მე ტყუილებით მედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან რომან გოცირიძემ თქვა, არის ელემენტარული ტყუილი და მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.

 „ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, კრიზისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით, 72 175 მოქალაქეს, უკვე, 1200 ლარის სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან დაეწყო. აგრეთვე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია.  194 796 თანამოქალაქეს, ეს ის ხალხია, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 75 000 - დან 100 000-მდე სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო.  40 440 შშმ პირს, მათ შორის, არასრულწლოვნებს უკვე ჩაერიცხა, დღეის მდგომარეობით, ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო-დიზელი შეღავათიანი ფასით  და 27 000 ფერმერს აგრო ქულები დაერიცხა, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს.  ეს არის 427 206 ადამიანი, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ნაღდი ფულის სახით პირდაპირ თავიანთ ანგარიშებზე მიიღეს," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ კომუნალურებსა და სესხების გადავადებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის პირველი ამოცანა იყო, ადამიანებს მაქსიმალურად დახმარებოდა.

„ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა არ იყო მხოლოდ საქართველოში. ეს გაურკვევლობა იყო გლობალური. როგორც ეპიდემიოლოგიური, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხივით დაეცათ ეს კრიზისი და მათ ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ჰქონდათ გადასახდელი შუქის და გაზის ფული, ბანკში ჰქონდათ მისატანი საპროცენტო გადასახადი, შვილი ჰყავდათ სკოლაში მისაყვანი და ა.შ. ჩვენ პირველ ეტაპზე, პირველი ერთი თვით, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა. ეს იყო ის, რაც ჩვენ შეგვეძლო. ჩვენ მაშინ არ მიგვიღია გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მიზნობრიობა, თუ ვის უნდა დავხმარებოდით, ეს არ იყო პირველი ამოცანა. პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა. შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ იმ მომენტში, იმიტომ, რომ საკითხი იყო ცხელი და სწრაფად უნდა მივხმარებოდით, არ იყო იმის დრო, გაგვერჩია, ვის უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად, ამიტომ გავაკეთეთ ეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი ეტაპი იყო მოქალაქეებისთვის სესხის პროცენტის სამი თვით გადავადება.

„შემდგომ ჩვენ დავსხედით ბანკებთან, დაველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება შემოსავალი შეუმცირდა ან გაუქრა, ნება იბოძეთ და სამი თვით საპროცენტო განაკვეთი გადავუვადეთ. ფიზიკურ პირებზე სამთვიანი საპროცენტო გადასახდელის გადავადებით ისარგებლა 600 000-მა ჩვენმა მოქალაქემ", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, აგრეთვე, 38 000 მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  განბაჟების თანხა გადაუვადდა, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში, ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი.

„არავის არ ახსოვს და არასდროს არ მითქვამს. მოგეხსენებათ, რომ ეს კრიზისი იყო მოულოდნელი. 38 000 ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ზოგისთვის ეს მცირე მეწარმე, ბიზნესი, ინდმეწარმე იყო, ზოგს თავისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი. თქვენ წარმოგიდგენიათ, განბაჟების თანხა, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ კრიზისში, ადამიანისთვის რა იქნებოდა. 38 000 ჩვენს მოქალაქეს ჩვენ ეს განბაჟების თანხა გადავუვადეთ. იმისთვის, რომ მოულოდნელი კრიზისის პირობებში ადამიანებს ჯიბიდან არ ჰქონოდათ ფული გადასახდელი. რასაც ახლა გეუბნებით, ეს არის ფაქტები, რომლებიც ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოწმდება. აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, ბიუჯეტი და ყველა ეს ღონისძიება არის მიღებული და გაკეთებული. სხვა ყველაფერი არის დემაგოგია", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტების გადამოწმება ყველასთვის ხელმისაწვდომია და სხვა ყველაფერი დემაგოგიაა. მისივე თქმით, ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დატოვეს.

„ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს იყო, საშუალოდ, 330 ლარი, დღეს კი 1028 ლარია.

"საქართველოში ჯანდაცვაზე ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში იყო სულ 300 მილიონი  და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ. მინდა, რამდენიმე მარტივი ციფრი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი, დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტია მილიარდ 76 მილიონი.  შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს არის 240 მილიონი. პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი - ეს ბიუჯეტია ბატონო რომან, რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი. მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს.

„ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებელზე ზრუნვას, პოლიციელზე ზრუნვას და, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ უმწვავესი კრიზისის დროს, როცა მთავრობა მოქალაქეების სიცოცხლისთვის იბრძვის და იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შეუნარჩუნოს, ზოგიერთი პოლიტიკოსი სპეკულირებს და პოლიტიკური ქულების და დივიდენდების აკრეფას ცდილობს.

„სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ ის, რომ უმწვავესი კრიზისის დროს, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ის, რაც ბოლო წლებში გაკეთდა იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანებზე ზრუნვით. ჩვენი სამწუხარო რეალობა ზუსტად იმაშია, რომ თქვენ, ის კი არ გაინტერესებთ, ჩვენთან პენსიონერების, ბავშვების, სიღარიბე, რომელიც მართლა არის, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ იყოს, თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს. წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ," -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური