საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-29

მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და მეორე - ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის.

„მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, როგორც ჩანს, ემოციები ძლევს. დაიღალეთ ალბათ კოლეგებო და ვეღარ თოკავთ საკუთარ ეგოს, სამწუხაროდ. მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური, უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის. ყოველ შემთხვევაში, არ ჩანს, არ ფიქსირდება. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ინტერპელაცია იღებს პოლიტიკური სპეკულირების ფორმას, თუმცა არა უშავს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სკოლებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სველი წერტილები სკოლებში  სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ  სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი  იყოს.

„აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით,  უბრალოდ არ მინდა ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა  შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ოპოზიციის კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ ახორციელებს მთავრობა მათ პროგრამას.

„ჩავიხედეთ ჩვენი ოპოზიციის პროგრამაში. რატომ არ ახორციელებთ ჩვენს პროგრამასო. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა განვახორციელოთ ოპოზიციის პროგრამა და გეტყვით რატომ არ ვახორციელებთ. „ევროპული საქართველოს" ღონისძიებებია - 4 თვით საშემოსავლო გადასახადის განულება, აქციზის შემცირება. 4 თვით საშემოსავლო გადასახადის განულება, შემდგომ 10 %-ით შემცირება ნიშნავს ბიუჯეტისთვის მინუს 1.7 მლრდ-ს, აქციზი - 150 მლნ, ქონების გადასახადი - 400 მლნ და ა.შ. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ეს პარტია გვთავაზობს გადასახადების შემცირების ნაწილში, ბიუჯეტს აკლებს 4.2. მლრდ-ს. ამის შემდგომ, იგივე პარტია გვთავაზობს დამატებით ღონისძიებებს, დახმარებისა. აქ არის 50% ხელფასი, 400 ლარი და კიდევ ბევრი რამ. საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ, მათი ეკონომიკური გეგმით, უფრო სწორედ სურვილებით, ბიუჯეტს უფორმირდება მინუს 6.1 მლრდ. რაც საბიუჯეტო დეფიციტს ნიშნავს 14%-ს", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ვისაც ეკონომიკა ესმის, მან კარგად იცის, რომ ეს დეფიციტი ნიშნავს უბრალოდ მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის დაკარგვას ქვეყანაში.

„ამ პირობებში, არათუ რაიმე დამატებითი სახსრების მოძიება დონორებისგან, საერთოდ, შეუძლებელი იქნება მიმდინარე ხარჯების მომსახურება. ჩვენ როდესაც ჩვენს პროგრამას ვათანხმებთ ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისეთი ღონისძიება, რომლის ღირებულება ბიუჯეტისთვის შეიძლება იყოს 10 მლნ, 5 მლნ,  ყოველთვის განსჯის და მსჯელობის საგანია, რადგან ბიუჯეტს ყოველთვის თავისი პარამეტრები აქვს. იმ ღონისძიებებით, სურვილებით, რომლებსაც ბატონები გვთავაზობენ გარდა იმისა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაკარგვა ემუქრება ქვეყანას, საერთოდ კურსის თემა უპროგნოზო ხდება. მარტივი გათვლებით, სადღაც მაისში კოლეგები ვერ მოემსახურებოდნენ საპენსიო გადასახადებს, ზუსტად 1 თვეში ჩვეულებრივი კოლაფსი იქნებოდა ბიუჯეტის, ვერც ხელფასებს გადაიხდიდნენ. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ რისკის ქვეშ დგება ჯანდაცვის სისტემა, მიმდინარე ოპერაციები ჩვენი მოქალაქეების. ამას ვერ მოემსახურებოდა ბიუჯეტი და, რა თქმა უნდა, შემდეგ მიადგებოდნენ საპენსიო ფონდს, რომელსაც არ იციან რა უყონ, 772 მლნ ვერ მოუნელებიათ, რომელიც დევს, როგორც სტაბილურობის ფონდი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხანდაზმულობის პერიოდში, უკვე ყველა ზღვარს გავიდა მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიო ფონდთან." - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, ამ ყველაფერს შემდგომ მოჰყვებოდა სრული კოლაფსი და, სწორედ, ეს არის ოპოზიციის ეკონომიკური გეგმა.

„რეალურად რასთან გვაქვს საქმე - ეს არის გეგმა. აბსოლუტურად არარეალისტური სურვილების გეგმა, რომელიც მიმართულია, რომ ადამიანებმა პოლიტიკური ქულები აკრიფონ, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ეკონომიკურ გამოწვევებს. დღეს, საქართველოს ბიუჯეტი, არის ნაერთი ბიუჯეტი 16 მლრდ ლარი. აქედან 1/3, ცოტა მეტი ხმარდება სოციალურ ხარჯებს. კოლეგები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ გადასახადები და ამ გადასახადების გაუქმების ფასი არის 4 მლრდ 200 მლნ ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე ბიუჯეტში, შემოსავლების ნაწილში, ბიუჯეტი ვერ მიიღებს საგადასახადო შემოსავლების სახით 1 მლრდ 800 მლნ ლარს და შემდგომ კი უტიფრად, მათი სიტყვაა, მე არ მომიგონებია, პირდებიან, ტყუილს ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ ჩვენ გადაგიხდით 50%-ს ხელფასისას, რომელიც დაკარგეთ და ა.შ. ასე ფორმირდება დაპირებები, რომლის ფასი არის 6 მლრდ 100 მლნ. დავუშვათ ეს თანხა მათ მართლა დონორებისგან მოიძიეს, რაც უბრალოდ შეუძლებელია და წარმოუდგენელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი გაცდება ისეთ ციფრებს, რომ ყველანაირ პერსპექტივაზე არა თუ ეკონომიკის, ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ყოფის, გადახაზულია. იმ პირობებში, რომ საქართველოს ბიუჯეტი - 16 მლრდ, ყველა პროგნოზით, კრიზისის გამო კარგავს 1 მლრდ 800 მლნ-ს ეს ბატონები გვპირდებიან, რომ ჩვენ საბიუჯეტო შეღავათები უნდა გავაკეთოთ კიდე 4 მლრდ 200 მლნ-ით და ზემოდან კიდე მოქალაქეებს პირდებიან არარეალისტურ დახმარებებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეს არის ელემენტარული არითმეტიკა და მარტივი ციფრები.

„დავუშვათ, მიაჩნიათ, რომ ეს სწორია. ჯერ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, გვაქვს მოულოდნელი კრიზისი. თუ ვინმეს ეკონომიკა ოდნავ გაგეგებათ, ესაა მოულოდნელი კრიზისი და მეუბნებით რომ კრიზისის დროს, რომელიც ექსტრემალურად გლობალურია, შევამცირო გადასახადები, რომლის შედეგებსაც ეკონომიკა იგრძნობს 2 წლის შემდეგ, კარგ შემთხვევაში. ელემენტარული არითმეტიკაა, ხომ არ ვითხოვ უმაღლეს მათემატიკას და ხომ არ ვითხოვ ყველასგან, რომ ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული და მაკროეკონომიკური განათლება მიღებული. მარტივ ციფრებს გეკითხებით. ამიტომ, ერთი რამ არის. ადამიანები, დღეს ქვეყანას და მოქალაქეს ჰპირდებიან იმას, რაც ძალიან კარგად იციან, რომ ან განუხორციელებელია, ან მზად არიან შევიდნენ ისეთ რისკებში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მიიყვანს მდგომარეობამდე, როცა თვეების მიხედვით გვაქვს ეკონომიკური მოდელის სახით დათვლილი - მაისში ვერ გაიცემოდა პენსიები, 1 თვეში ვერ მოემსახურებოდნენ პოლიციის, ექიმების, მასწავლებლების ხელფასებს, ვერ მოემსახურებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას და ქვეყანაში გაჩერდებოდა მიმდინარე ოპერაციები და ამას შემდგომ მოჰყვებოდა სრული კოლაფსი. ეს არის ის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც კოლეგები გვთავაზობენ. თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის და ხედავს, რა არის ფასი იმ პოლიტიკური დაპირებების, რომელიც გაიცემა," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა საბიუჯეტო ხარჯებზე ისაუბრა და ოპოზიციას მიმართა.

„საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რაღაცაში, საქართველოს ბიუჯეტში ბოლო წლების განმავლობაში იყო ხელფასების ზრდა მაგალითად ხელფასი გაეზარდა პოლიციელს.

მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა 24%-დან, 21%-მდე. შესაბამისად ეს იმ პირობებში, როდესაც ხელფასი გაეზარდა პოლიციელს, ექიმს და ა.შ. საერთო ჯამში მაკროეკონომიკურად ჩვენი პრობლემაა მიმდინარე ხარჯები, ჩვენ ამას ვამცირებთ. რომ მეუბნებით სსიპ-ები, ააიპ-ის, სსიპ-ები და ააიპ-ების იმ სახელფასო ფონდში შედიან, რასაც თქვენ ვერ პოულობთ. ციფრი, რომელიც თქვენ გეშლებათ და ბალანს ვერ ადგენთ ეს არის სახელშეკრულებო ნაწილი. გასწავლით, მინიშნებას გაძლევთ და ნახეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე   სოციალურ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა.

„ელემენტარული არითმეტიკაა. ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი თვითდასაქმებული, ან არაფორმალურად დასაქმებული. აქედან, 600 000 ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს სოფლად. ეს არის სოფლის მეურნეობის ნაწილი. ახლა გეუბნებით, პროგრამა როგორ ფარავს ყველაფერს. პირველი, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ადასტურებს, რომ ჰქონდა შემოსავალი და აღარ აქვს, ელემენტარულად მივხედავთ, ვუხდით, დავიწყეთ და 52 000 ასეთ ადამიანს მივეცით. ამ 800 000-დან დიდი ნაწილი თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებული ვინც არის, არის სოფლად მცხოვრები გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს. მათ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჰექტარზე იღებთ 435 ლარის სუბსიდირებას და კიდევ ბევრ რაღაცას. ესეც გამოვაკელით. გარდა ამისა და მინდა გაითვალისწინოთ, 65 000-დან 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველები, ძალიან დიდი ნაწილი არის იქაც თვითდასაქმებულის. ერთი რამ იცოდეთ, პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება -  65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, მე გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი. მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა. ასევე გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფრის მიუხედავად, თვითდასაქმებულების, ან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ნაწილი, მართლა შეიძლება დაგვრჩეს. ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებმაც მართლა დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ ვერ დაასაბუთეს. ასევე გპირდებით, აი აქ, ამ დარბაზში, აქეთა მხრიდან, ზოგიერთი კოლეგისგან ისეთი საინტერესო წინადადება მოვისმინე, მართლა მომეწონა. ეს ხო პროცესია და ხვდებით, რომ ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა, არ არის ერთჯერადი და არ არის პოპულისტური. არის გათვლილი 6 თვეზე. შესაბამისად, გარწმუნებთ, რომ ყველას, ამ ხალხსაც მივეხმარებით. ოღონდ, ასევე დაიმახსოვრეთ კარგად,  ამ დახმარებას რომ გავაკეთებთ, ზუსტად გაგახსენებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც თქვენ აქ გვეუბნებოდით. გამოვიყენებთ, ერთი თქვენი ძალიან საინტერესო წინადადება იყო, რომელიც უკიდურესად მომეწონა", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა საპენსიო რეფორმასა და საპენსიო ფონდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის  გრძელვადიანი ეკონომიკური ინსტრუმენტია.

„მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე 10 პროცენტით შემცირდა, მაინც უკიდურესად დიდია და ამას კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. საპენსიო რეფორმა და საპენსიო ფონდი არის გრძელვადიანი ეკონომიკური ინსტრუმენტი, თქვენ როდესაც მე მთავაზობთ, დღეს, კონკრეტული კრიზისის პირობებში საპენსიო ფონდის გახსნას და ამის დახარჯვას, გარდა იმისა, რომ ეკონომიკაში საერთოდ არაფერი გაგეგებათ, პოპულისტურადაც ხართ განწყობილი", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, საპენსიო ფონდის ეფექტურობის პროგნოზირებას 10 და მეტი წელი სჭირდება.

„მეტსაც გეტყვით, დღეს მომგებიანობა ამ ფონდის, იმიტომ რომ განთავსებულია უაღრესად კონსერვატიულ ინსტრუმენტებში, მიუხედავად ამისა, არის 14 პროცენტი. რაც ცუდი არ არის. ფაქტობრივად თქვენ, კოლეგებო, გამოდიხართ და ამბობთ, რომ საპენსიო ფონდი გახსენით და ეს ფული რაღაცაში გამოიყენეთ, მაშინ როდესაც საპენსიო ფონდი არის ჩემი მოქალაქის ხანდაზმულობის  და მისი ნორმალური სოციალურად უზრუნველყოფილი საპენსიო ასაკის გარანტი და მე სხვა გარანტია არ მაქვს" - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას მოუწოდა, თუ დარწმუნებულები არიან საპენსიო ფონდის გახსნის აუცილებლობაში, თავად აიღონ პოლიტიკური რისკი და დაარეგისტრირონ ცვლილებები პარლამენტში.

„თქვენ თუ ასე ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ ეს საპენსიო ფონდი დღეს უნდა გავხსნათ, საპენსიო ფონდის ცვლილებას, ამ მიდგომას რასაც თქვენ ამბობთ. სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. ხო თვლით, რომ ეს მაგარი იდეაა? დააინიცირეთ, აიღეთ ეს პოლიტიკური რისკი თქვენს თავზე,  დაარეგისტრირეთ პარლამენტში და თქვით, რომ ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შემოიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა და ვნახოთ, ვინ როგორ შეაფასებს ამას" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  პოლიტიკური პოპულიზმი არის უკიდურესად მაღალი რისკის შემცველი მოვლენა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას.

„ყველა დროში პოლიტიკური პოპულიზმი არის უკიდურესად მაღალი რისკის შემცველი მოვლენა ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, როდესაც ქვეყანა არის სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, როდესაც ქვეყანას აქვს საარჩევნო წელი, როდესაც ქვეყანა არის ოკუპირებული, როდესაც ბორდერიზაცია მიმდინარეობს ყოველ დღე, პოლიტიკური პოპულიზმი უკვე საფრთხის შემცველიც კი აღარ ხდება - უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელია, ეს არის ობიექტური რეალობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამის შედეგად პირველ რიგში ქვეყანა ზარალდება.

„რეალურად ამ მიმდინარე პროცესით, რაც ახლა აქ ხდება, ამის შედეგად პირველ რიგში ზარალდება ქვეყანა, იმიტომ, რომ ოპონირების ფასი ყველაზე დიდი ჩვენთვისაც, მმართველი ძალისთვისაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მაგრამ, როდესაც ეს ოპონირება ხდება დემაგოგიური და პოპულისტური, გამოდის, რომ ჩვენ ვდგევართ და ვტკეპნით ერთ და იგივე ადგილს. სწორედ ეს ვიგულისხმე და ეს კრიტიკა ჩვენს მიმართაც იყო, ჩემს მიმართაც იყო, მაშინ, როდესაც ვთქვი, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები. ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება იმისა, რომ საკუთარი ეგო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოთოკონ, ოპოზიცია, რომელსაც სჭირდება შეხსენება იმისა, რომ სიღარიბის და გაჭირვების გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები აკრიფო, უბრალოდ ამორალურია, ეს არის სამწუხარო. მესმის, რომ ზოგიერთის პოლიტიკური მრწამსი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკა და მორალი შეუთავსებელია. ჩვენ როგორც ჩანს, ცოტა სხვანაირად ვფიქრობთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა გიგა ბოკერიას მიმართა და  განმარტა, რომ  ოპოზიციის ეკონომიკური გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრეოდა.

„ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინწინდელის შემდეგ ვიღაც გაგიჯავრდათ, რომ ძალიან ისე იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ და დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად.

რეალურად არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრევა. თქვენ უბრალოდ ამ სულელური ციფრებით, მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდიდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით და სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც ცდილობთ, რომ მოხიბლოთ ვიღაც და გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური