გიორგი გახარია  მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-20

 

..


ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, ქვეყანაში არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის თქმით, მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვანი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს.

„თუმცა, მეორეს მხრივ,  ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ, ელემენტარული წესები დაიცვან. თქვენ ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები ხართ და ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკას მკაცრი შეზღუდვების რესურსი აღარ აქვს, ვინაიდან ჩაკეტვას მოჰყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა და ა.შ.

„პირველი ტალღა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, სხვებთან შედარებით,  კარგად გამოვიარეთ. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში, ამ ეტაპზე, შედარებით ნორმალურად ვართ. რესურსი, რომელიც იქნება მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის, იქნება საკმაოდ შეზღუდული და ერთად უნდა გადავწყვიტოთ, სად მივმართავთ ამ რესურსს, როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსხვილმა დამსაქმებლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სრულად იზიარებენ და მხარს უჭერენ კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის მიერ არჩეული ბალანსის სტრატეგიას. მათი შეფასებით, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას, ისე ბიზნესის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად შეხვდა. შეხვედრაში 30-ზე მეტი მსხვილი დამსაქმებელი მონაწილეობდა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური