ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე - აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება ამოსაბეჭდი ვერსია

2021-03-25

.

სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია - პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა რაც შეიძლება მოკლე დროში, ტურიზმი კი, ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია.

„მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს პატივცემულ სტუმრებს, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ჩვენს პატივცემულ მეგობრებს, ელჩებს. ყველას გილოცავთ დღევანელ დღეს, ჩვენ მართლაც გავხდით მომსწრენი დღევანდელი დღის, ვხედავთ ბათუმის განახლებულ აეროპორტს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან. ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია - პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა რაც შეიძლება მოკლე დროში. ასევე კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და პანდემიამ ეს სექტორი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთანაც ძალიან დააზარალა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა ქვეყანაში. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პანდემიასთან ეფექტიანმა ბრძოლამ საშუალება მოგვცა, უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის და კიდევ ერთხელ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საერთაშორისო ინვესტორებმა, კერძოდ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ" საქართველოში დამატებით 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ძალიან დასაფასებელია.

„ამ აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება. ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საერთაშორისო ინვესტორებმა, კერძოდ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ" ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა 17 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით, რომ პანდემიის პირობებში ამხელა ინვესტიცია ასეთ მოკლე დროში, ძალიან დასაფასებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამუშაოებზე 300-მდე ადილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ინვესტორებს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს და მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან ლამაზი პროექტის განხორციელებაში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განახლების დასრულების შედეგად აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. კოვიდ-19-ის პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, „ტავ ჯორჯიამ" სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და, მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მლნ დოლარამდე გაზარდა.

აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა როგორც ჩამოფრენის, ისე  გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 კვ.მ-დან 8000 კვ.მ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეიერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები ჩამოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი, 6-დან 8-მდე გაიზარდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის" ზონა, „ბიზნესლაუნჯი" და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი სანი შენერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური