საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-07

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

მივესალმები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში. მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ჩემი მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდით კომისარს ჩამობრძანებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება. ბატონი ოლივერი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე.

ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებსა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის, არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ 7 წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ხალხისთვის. მე აქვე მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ერთი კონკრეტული ხელშესახები ფაქტი, რომელიც არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2017 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ეს დიდებული შედეგი იქნა მიღწეული.

მეორე საკითხი, რაც მე მინდა გამოვყო, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ბიზნესმენებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქართული ნაწარმი, პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ევროკავშირი უკვე წლებია, გახდა ერთ-ერთი ტოპ სავაჭრო პარტნიორი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რომ ჩვენ, სრულად გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ჩვენ მოგვეცა ასოცირების ხელშეკრულებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ევროკომისარის ჩართულობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები და კომისარი დღეს გაგვაცნობს ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის.

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები. ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის საკითხებზეც, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან მძიმე გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან.

მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 80%, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ბატონო კომისარო, ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ, მაშინ ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური კურსი, რომელიც არის შეუქცევადი, რომელიც არ გადაიხედება და არ შეიცვლება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში, ქვეყანა, რომელიც არის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, მუდმივი, პერმანენტული გამოწვევების წინაშე დგება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან კარგად გვესმის, მტკიცედ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ამ გზაზე გავივლით წარმატებულად და გვჯერა, რომ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ.

 

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი:

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვარ თბილისში, საქართველოში. ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და რეგიონშიც. უნდა ვაღიარო, რომ პრივილეგიად ვიგრძენი ეს პარტნიორობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წელი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით და დღემდე ვებრძვით კოვიდპანდემიას, თუმცა, საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის ეტაპიც გაიარა. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას ამ სირთულეების გადაჭრაში და იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა, არის გუშინდელი დღე და იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია აქცენტის გაკეთება კოვიდ-კრიზისიდან გამოსვლაზე. როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ წელს. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 78 000 ოჯახს საქართველოში და ქვეყანას დავეხმარეთ ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას, თუმცა იმედი მაქვს, რომ ესეც გუშინდელი დღეა და ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა და გადავლახოთ და დავძლიოთ ამ კრიზისის შედეგები.

რამდენიმე დღის წინ, გასული კვირის პარასკევს ჩვენ ძალიან ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარვადგინეთ ევროკავშირში მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის. 2,3 მილიარდი ევრო იქნება გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი იქნება პროექტების და ინვესტიციების სახით, რომლებსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს მივეხმაროთ უფრო გამძლე, ძლიერი ეკონომიკის შექმნაში კოვიდ-კრიზისის შემდეგ. ამაზე ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით, წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან რათა გამოგვეკვეთა პრიორიტეტები, გამოგვევლინა მთავარი გამოწვევები, რაც ქვეყანაში არსებობს. 5 გარდამტეხი ინიციატივა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა, არის ამ თანამშრომლობის შედეგი. ჩვენ არ გვინდა, ისეთი რამ შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ. მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ.

თქვენთან საუბრისას, ბატონო პრემიერო, დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება, მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არქონა. იქნება ეს გზები და რკინიგზა, იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, თუ იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერნეტქსელებთან, ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია, საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს და ახალ განზომილებაში გარდაქმნას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკმაყოფილდება ეს გამოწვევა.

დაკავშირებადობა შეიქმნება ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელს ქვეყანაში და ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას და ჩვენს მეგობრებს. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს" და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში.

ამ გეგმით საქართველო შეძლებს, მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის აზრიანი, დიდი პაკეტი დახმარებისა, თუმცა ეს არის უზარმაზარი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ.

ბატონ პრემიერთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ სტრუქტურებზე, რომელიც გვჭირდება საქართველოში ამ პროგრამის განხორციელებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები შეძლებს ცვლილების განხორციელებას ადგილზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დღეიდან, მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რეალობა ქვეყანაში შეიცვლება იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ვაჭრობა, საქმის წარმოება, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების მიღება, ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დღევანდელი დღისგან, ძალიან ახლოს იმასთან, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირში.

მესამე საკითხი ის არის, რომ ძალიან გამიხარდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრა. მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე - პარლამენტში, სადაც უნდა წარიმართოს პოლიტიკური დებატები. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება იმისთვის, რომ განხორციელდეს შეთანხმება. ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი იმ შეთანხმებას, ყველას ჩართულობა გვჭირდება. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით და ასევე მინდა, ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით.

ბოლოს, უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინწინ ქვეყანაში მოხდა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება, არასოდეს არ წარმოიშობა, არც მომავალში. გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას. გვინდა ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები.

რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ დღეს დილით პარლამენტში მივედი და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო.
დიდი მადლობა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

ბატონო კომისარო, პირველ რიგში, მე მინდა, ჩემი სახელით, ჩვენი მთავრობის სახელით, ჩვენი ხალხის სახელით გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დახმარების პაკეტის ჩამოტანისთვის. 3,9 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც შედგება 1 მლრდ 175 მლნ ევრო გრანტისა და დანარჩენი სესხისგან, არის კონკრეტული, ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ და მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი და ჩემი მთავრობის სრული მზაობა, რომ ჩვენ აქტიურად, ორშაბათიდან დავიწყებთ მუშაობას იმ პროექტებზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, პროექტები, როგორიც არის დაკავშირების, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოიტანს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა!

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ არასასიამოვნო და ძალადობრივ ფაქტებს, მე, რა თქმა უნდა, საჯაროდ დავგმე ეს, ბატონო კომისარო. სრულიად, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა. მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი და, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებში. ეს შეძლება იყოს, სამწუხაროდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერის ინტერესებში, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ. პოლიციამ უკვე დაიწყო იმ ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინა ძალადობა. გუშინ იყო ანალოგიური ფაქტები და პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის შეუქცევადი. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო დიდ მიზანს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

ჩვენ ვართ დიდი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანა, ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები იქნება აღკვეთილი, გამოძიებული და შესაბამისად იქნება დასჯილი ყველა ადამიანი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში - ევროპაში, ამერიკაში, ყველგან, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას. ასეც მოვიქცევით ჩვენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს, სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ რა ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ ქორწინების დეფინიცია, რაც აბსოლუტურად სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების დისკრიმინაცია. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ, კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას გაძლევთ, ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ამ კანონს, რა თქმა უნდა, აღვასრულებთ. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახლეობისთვის, რომ ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება, რა თქმა უნდა, არასწორია. ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2", მირიან გორგოძე - მოგესალმებით, ბატონებო. პირველ რიგში ბატონ ევროკომისარს მივმართავ - მინდა, დაგისვათ კითხვა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის თაობაზე. რამდენად რეალისტურია, თქვენი შეფასებით სურათი, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე და ეს კითხვა მინდა დაგისვათ თბილისის ქუჩებში თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში, ზოგადად, მსგავსი მოვლენები, თქვენი აზრით, რამდენად ახდენს გავლენას საქართველოს ევროპულ მომავალზე?

ოლივერ ვარჰეი:
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს პერსპექტივას, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პრეროგატივაა და როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ნათელია, ევროკავშირში განაცხადის შეტანისთვის არსებობს პროცედურა. როცა ქვეყანა ცდილობს, ამხელა განაცხადი გააკეთოს, მან არგუმენტირებულად უნდა მოახდინოს თავისი პოზიციის გამყარება, იმიტომ, რომ ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, დასძლიოს ყველა გამოწვევა და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც არსებობს წევრობისთვის. მე ასევე ვიცი, რომ ჩანაწერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომ, მსგავსი დათქმა არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაში, რომ საქართველო მზადაა, ამ გზაზე შეასრულოს ყველა ვალდებულება. საუკეთესო გზა ამ გზაზე წინსვლისთვის სწორედ იმ დათქმების შესრულებაა, რაც ხელმოწერილი გვაქვს, იმიტომ, რომ სწორედ ამ გზით - ამ პირობების და ვალდებულებების შესრულებით შეიძლება დაამტკიცოთ, რომ ამ ვალდებულებებთან მიმართებაში სერიოზულნი ხართ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი არსებული მექანიზმებით, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც ვახსენე, იმედი მაქვს, დაეხმარება ქვეყანას, დააჩქაროს ევროკავშირთან ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომ მოხდეს თქვენი საზოგადოების და ეკონომიკის ჩვენთან, ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენს ეკონომიკასთან ინტეგრაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი:
ბატონო კომისარო, თქვენს მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც შეეხება 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფას საქართველოსთვის, შესანიშნავად პასუხობს სწორედ იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავებაში. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ ყველა სექტორის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, თუ როგორ უნდა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

 

ტელეკომპანია „იმედი", ლევან ფოჩხუა - მოგესალმებით, კითხვა მაქვს ბატონ ევროკომისართან. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომხრეა, საქართველო იხილონ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიმართულებით რა გზავნილებით ჩამობრძანდით საქართველოში და რას ეტყოდით საქართველოს მოსახლეობას?

ოლივერ ვარჰეი:

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ გავზარდოთ ეს მხარდაჭერა. მე თავიდანვე ვახსენე, პირველივე სამუშაო დღეს, მას შემდეგ, რაც ეს დახმარების პაკეტი შევიმუშავეთ, ეს ინფორმაცია ჩამოვიტანე საქართველოში. ჩვენ ვაძლიერებთ ამ გზავნილს და ჩვენს ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რასაც ამ პაკეტით გავაკეთებთ, არის ის რეფორმები, რომლებიც უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში და ეს დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას ადგილზევე. ჩვენ გვინდა, რომ ძალიან რელევანტური იყოს ეს დახმარება ქართველი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები. ამ გეგმით, ჩვენ ამას შევძლებთ.

 

რადიო „თავისუფლება", ანი ბურდული - მინდა, ვკითხო ბატონ ევროკომისარს, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა იმისთვის, რომ გააძლიეროს ის ინსტიტუტები, რომლებიც არ დაუშვებს 5-6 ივლისის მსგავსი მოვლენების განმეორებას, რადგან გარდა იმისა, რომ თავდასხმა ჟურნალისტებზე არ იყო ცალკეული შემთხვევა და იყო მასობრივი შეტევა, იყო ანტიდასავლური ქმედებებიც.

ოლივერ ვარჰეი:

თუ ერთი რამ ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში, თუ შეიძლება ასეთი რამ გამოიკვეთოს, არის ის, რომ ეს არის ერი, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი და მნიშვნელობა და ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში და რომ ეს გახდეს მასშტაბური, ეს რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას. ეს არის ფუძემდებლური ჩვენი თანამშრომლობისთვის. ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის წევრებთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან და კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ამაზე მომავალში. ჩვენ გრძელი სია გვაქვს საკითხებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს და იმედიანად ვრჩები იმ მოსაზრებებისგან, რასაც ვიღებ ქვეყანაში ამ შეხვედრებზე. ძალიან ძლიერია მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ და ვხედავ ხელისუფლების ერთგულებას, საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში. გვინდა, რომ ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი იყოს მხარდაჭერილი.

 

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხი", თათია წოწონავა - ბატონო ევროკომისარო, გკითხავთ უპრეცედენტო ვანდალურ აქტზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში ხდებოდა თბილისის ცენტრში. რადიკალურმა ჯგუფებმა ორჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა და დაწვეს ადგილზე, ამ ფაქტს ესწრებოდნენ სამართალდამცავები, თუმცა მყისიერი რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ ასევე არ გვინახავს სახელმწიფო ინსტიტუტების მყისიერი განცხადება. რას ნიშნავს ეს ევროკავშირისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ მინდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ ქვეყნის პირველი პირი. დაახლოებით 24 საათი გავიდა, რაც ეს ფაქტი მოხდა და არ გაგიკეთებიათ რაიმე დამგმობი განცხადება, რატომ და უნდა დაისაჯონ თუ არა ეს ადამიანები, ვინც ევროკავშირის დროშა დედაქალაქის ცენტრში დაწვა?

 

ოლივერ ვარჰეი:

ვანდალიზმის და ძალადობის არანაირი ფაქტი არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ კანონის სრული სიმკაცრით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება მთელი ძალით.
რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილი:

დიდი მადლობა, ბატონო კომისარო. ვუპასუხებ კითხვას. მინდა, ბატონ კომისარს და მის დელეგაციას, ასევე ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო, თუ როგორ განვითარდა ეს მოვლენები. კითხვები დაისვა მანამდე პოლიციის ჩართულობასთან, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ორი დღის წინ. ბატონო კომისარო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული, პროფესიონალი პოლიცია და ჩვენ ვამაყობთ მათით. მათ გუშინ იმუშავეს ძალიან მაღალპროფესიონალურ დონეზე. 100 ადამიანი დააკავეს და არ მისცეს დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალება.

ორი დღის წინ როგორც განვითარდა მოვლენები, მე მინდა, თქვენ კიდევ ერთხელ საჯაროდ განგიმარტოთ - პოლიციას ჰყავდა მობილიზებული 3 500 პოლიციის ოფიცერი, მთელს ქალაქში. ძირითად ღონისძიებას ველოდებოდით 18:00 საათზე - ვგულისხმობ უმცირესობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ვგულისხმობ. 17:00 საათზე ჩვენს ეკლესია ჰქონდა დაგეგმილი, ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი ლოცვა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ძალადობა დაიწყეს დილის 11:00 საათზე არაფერი ჰქონდათ საერთო არც ეკლესიასთან და არც მთავრობასთან. მინდა გავიმეორო ის, რაც საჯაროდ ვთქვი - რამდენიმე დღის წინ, უფრო მანამდეც, 2 კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უშუალო კონტაქტი პრაიდის ორგანიზატორებთან. მათთვის წინასწარ განსაზღვრეს ლოკაციები და უთხრეს, რომ ამ ლოკაციებზე უსაფრთხო იქნებოდა მათი ღონისძიების ჩატარება. ერთ-ერთ პირველ ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის ელჩიც დაესწრო, პოლიციამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები იყვნენ და ეს ნორმალურია. ყველა ადამიანს აქვს კანონით და კონსტიტუციით, გამოხატვის, მათ შორის საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის, უმცირესობის წინააღმდეგაც, ოღონდ, რა თქმა უნდა, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მეორე და მესამე დღეს ამ ადამიანებს მიეცათ სხვა ლოკაცია, აქვე, თბილისთან ახლოს. არავითარი შეფერხება არ ჰქონიათ, მაგრამ ჩვენმა სპეცსამსახურებმა და პოზიციის თანამშრომლებმა შეაფასეს რა რისკები და საფრთხეები, რომელიც მომდინარეობდა კონტრაქციის ორგანიზატორებისგან, ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ, როგორც საჯაროდ, მათ შორის, მეც გამოვედი საჯაროდ და მოვუწოდე, რომ არ იყო არ იყო მიზანშეწონილი თბილისში, ცენტრში ამ მარშის ჩატარება, იმიტომ, რომ ეს შეიცავდა დიდ რისკებს და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ სხვა ადგილას, ისე, როგორ მათ ჩაატარეს წინა დღეებში, ჩაეტარებინათ აღნიშნული ღონისძიება და პოლიცია მათ დაიცავდა. მე მქონდა საუბარი ელჩებთან, მათ შორის ევროკავშირის ელჩთან, კვირას და მათაც განვუმარტეთ აღნიშნული, რომ მთავრობა ხედავდა რეალურ რისკებს, რომელიც საბოლოო ჯამში სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა და ეს არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ვინაიდან აღნიშნული შეიცავდა პროვოკაციულ ნიშნებს. 5 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო მობილიზება, გამოჩნდნენ ქუჩაში კონტრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის ბევრი ადამიანი იყო. მათ შორის ზოგი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით დააზიანეს, როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე - ჩვენი მთავრობა. ამით, რა თქმა უნდა, დააზიანეს როგორც ჩემს მიერ ნათქვამი, ეკლესიის მიერ დაგეგმილი 17:00-საათიანი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენ ზიანი მოგვადგა, ჩვენს ქვეყანას მიადგა ზიანი. ჩემი შეფასებით, ამას რა თქმა უნდა გამოძიება დაადგენს, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების, ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებასა და შეჯახებას, ეს იყო მათი ერთი ამოცანა. რა თქმა უნდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ჩვენი ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც.

შესაბამისად, დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს პროვოკაციები, რა თქმა უნდა, შედიოდა რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ არც ერთი ფაქტი არ დაგვრჩება გამოუძიებელი, ყველა ფაქტს გამოვავლენთ და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ.
დიდი მადლობა.