საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარი

2021-07-17

ჩვენ „ჯარის ქალაქის" მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ უკვე 28 კორპუსი არის აშენებული. ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი", რომელიც გათვლილია 1050 სამხედრო მოსამსახურეზე, დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ეს არის პირველი ფაზა, 1050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე და ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს, მათი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის მიზნით და მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას.

ახლა, მინდა, რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენს მოსახლეობას. ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ უყურებთ, რომ გვაქვს მატება ინფიცირების შემთხვევების და მე მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს. მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები არ იყო ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ „ფაიზერის" მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის" ვაქცინებიც, მილიონი „სინოფარმი" და „სინოვაკი", რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „ფაიზერი", მოგეხსენებათ, მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოვაკი" და „სინოფარმი" ჩამოვა საქართველოში. მე მინდა, ჩვენს ხალხს მივმართო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში. მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა პირველ რიგში. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ. გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა - 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე მინიუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. ამის გარდა სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, რა თქმა უნდა, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მე მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება.

ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილში ჩვენ რეგიონში და ალბათ მსოფლიოშიც, გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ზრდა. მაისში 25%-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეტი პროექტების განხორციელებას. ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და ხედავთ, რომ სასტუმროები პრაქტიკულად გადავსებულია. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ვის სურს ამ პროცესის შეფერხება?! ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის მტრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რაც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდ აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება კარგად და ჯანმრთელად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის ერთ-ერთი მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედიის თავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან სულ რაღაც 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში.

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამაყობს იმ გამორჩეული, უნიკალური სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკას და მე ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას მათ მიერ განხორციელებული, გაწეული დახმარებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაკეთეთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ აღნიშნული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე.
რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი სპეკულაციებია, რომელიც, სიტყვა არც მინდა გავიმეორო-სანქციები და ა.შ. - ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. ეს არის პირდაპირ პრორუსული პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი.

ბევრი ადამიანის განცხადება და ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება მოვისმინოთ, ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, თუ როგორ მოქმედებს ამერიკა და რა ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში და ამის სრული უფლება მაქვს მე ვთქვა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული მეგობარი ამერიკის სახელმწიფოსი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების.
უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დ ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგადაც ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით - 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის, როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი. მეორე - ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალეობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და რაღაც გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება.

მანამდე, ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად. აქედან გამომდინარე, უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, მე გუშინ მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა ჩვენთან, საქართველოსთან. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. მოსახლეობას შევახსენებ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერები, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები, აღარ ჩამოვთვლი სხვა გაუგებარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ლიდერობით, ევროკავშირში დადიოდნენ და სთხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ეს არის გაგრძელება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე გავაკეთებთ და ვერავითარი ძალა, ვერავითარი ეს უსამართლო გაუგებარი მავნებლური პოლიტიკა ჩვენს პროგრესს ვერ შეაფერხებს და ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

ერთი რამ მინდა ჩვენს მოსახლეობას და თქვენ კიდევ ერთხელ განგიმარტოთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მეგობრებო, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გარდა. პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ. მათ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, ეს ძალიან დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო. რეალურად, ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს მოცემულობაა, რეალობაა, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს და თვალი გავუსწოროთ რეალობას, მაგრამ უნდა შეცვალოთ. ის აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა და სპეკულაციები, რაც წამოვიდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მოგეხსენებათ, რომ ბატონი შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში, დაესწრება ჩვენს კონფერენციას -"ევროპული გზა". ასევე, ჩვენ კოლეგებს ველოდებით, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავცვალოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მიღწეული პროგრესი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ 8 წლის განმავლობაში იგივე ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და უამრავი სხვა რამ. თუნდაც, ევროკავშირთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით, მე პირადად, ჩვენს გუნდს, მთლიანად "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. გვაქვს პრეტენზია, რომ ამერიკასთან ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. შარლ მიშელის შეთანხმებაზე და მის ჩართულობაზე მინდა ვთქვა, ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ შარლ მიშელს, მისი ჩართულობა იმ დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მომხდარიყო შეთანხმების მიღწევა ჩვენს ოპოზიციასთან. თუმცა, აქვე შევახსენებ ყველას, რომ ოპოზიციის ნახევარზე მეტს, რა თქმა უნდა, დესტრუქციული სააკაშვილის მეთაურობით და მისი პარტიის ლიდერობით, ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი ამ შეთანხმებაზე, რაც ყველაფერს სცემს პასუხს. მე აქვე მინდა, ჩვენს პარტნიორებს და ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მხრიდან, დღეის ჩათვლით და ზოგადად, გრძელდება პროცესი, ყველაფერს ვაკეთებთ ამ შეთანხმების შესასრულებლად და ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა. მოსამართლეების დანიშვნა არის პროცესი. შეიძლება რაღაც გაუგებრობა არსებობდეს, შევხვდებით, დავილაპარაკებთ, ისევ ისე გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას.

ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით და ა.შ. იგივე გამჭვირვალობა ვახსენე, კორუფციასთან ბრძოლა, მედიის თავისუფლების კუთხით, ყველა მიმართულებით, სასამართლოსთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე პოზიციები. თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება არსებობს, ამას ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს, მაგრამ, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გატარება და ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდო, თხოვნით მივმართო, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი მშობლების, შვილების და ახლობლების ჯანმრთელობა.
5-6 ივლისთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ. მინდა, გავაერთიანო და გამოვკვეთო 5-6 ივლისის მოვლენები. პოლიციამ იმუშავა მაღალ დონეზე. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა 22 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, ჟურნალისტების წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ.