საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2024 წლის სხდომები

2024 წლის 26 თებერვლის მთავრობის სხდომა

 

2024-02-26

  ..

25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის დღე, ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

„საუკუნის წინ რუსულ არმიას საქართველოში შემოუძღვნენ ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უსამშობლო ადამიანები, ბოლშევიკები, რომელთათვისაც უცხო იყო სამშობლოს ცნება. ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს ასეთი ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეროვნული თუ სხვაგვარი იდენტობის გარეშე ცხოვრება ცხოვრების უმთავრეს პრინციპად არის ქცეული. საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა უკრაინის ომის ორ წლისთავთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცნენ. დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის - ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ ზედიზედ 30 დღე დაყონ.

„ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ და ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია.

„მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რაც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ისაუბრა ასევე პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე და სთხოვა მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

„მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს", რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ბანკს, პირველ რიგში, აქვს კომერციული ინტერესები, თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე პუნქტით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წელს უნდა უზრუნველყონ 2-3 ათასი კურსდამთავრებულის ოთხთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

პარლამენტმა, როგორც მოგეხსენებათ, შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ასევე, რომ 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი.

„განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად განახლდება. დოკუმენტის თანახმად, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი ამოცანა იქნება, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური