საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის ორგანიზებით იმართება. სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები დაესწრებიან.

გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთს 11-13 მაისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე "ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა Chatham House-ში, ასევე, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრებს ბიზნესფორუმზე - Georgia Investor Day. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური