საქართველოს მთავრობა – ანონსები

პრემიერ-მინისტრი ხვალ კურორტ მიტარბს გახსნის ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-24

30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი ვიზიტორებს ისევ მიიღებს, - კურორტ მიტარბს ოფიციალურად ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნის.

დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა.

მიტარბში ასევე აშენდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები, რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას ბაკურიანში.

პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება.

კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი, კომპანია „ახალი მიტარბი" კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა სამთო-სათხილამურო ტურიზმის აღორძინების კუთხით.

ხვალვე, ბაკურიანში, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მოდერნიზირებული ვაგონების პრეზენტაცია გაიმართება. გარემონტებული ვაგონებით გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს. მატარებელი, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით დღეში 2 რეისს ასრულებს.