საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა

5 მარტს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველა მინისტრი, გუბერნატორი, ასევე იმერეთის ქალაქებისა და რაიონების ყველა მერი, გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრო.

,,ჩვენ დღეს პირველად შევიკრიბეთ ასეთი ფორმატით. ვქმნით არაფორმალურ სახელმწიფო საბჭოს და ყოველ თვე ყველა თქვენგანთან გვექნება შეხვედრები იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი იყოს მუდმივ კონტაქტში და პულსზე ედოს ხელი ყველა რაიონის პრობლემასთან. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პროგრამებზე - „საქართველო სიღარიბის გარეშე", „ქართული სოფლის აღორძინება", ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმ საპროგრამო თემებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არ არის მარტივ სიტუაციაში. არის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ზიანის მომტანია. მსოფლიო ეკონომიკური კონიუქტურა არ არის კარგი, საწვავზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც. ამ საკითხების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის ჩვენი ხალხის რეალური შემოსავლების ზრდა, სოციალური დახმარებების გაზრდა, გამომდინარე უკეთესი საგადასახადო ადმინისტრირებისგან, ასევე ეკონომიკის განვითარება. ერთი მხრივ, იზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები, მეორე მხრივ კი, საქართველო არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი. ამიტომ ჩვენი პროგრამა - სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული ასი საწარმო, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ეს კონიუქტურა მსოფლიო ბაზარზე იმისათვის, რომ საქართველოში გაიზარდოს შემოსავლები და აქედან, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სარგებელი. მეორე მხრივ, ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ, არიან ძირითადი ინვესტორები საქართველოში. თუ საქართველოში გაგრძელდება სტაბილური, მშვიდი გარემო და კიდევ მეტ პირობებს შევქმნით, ამ ჭარბი შემოსავლების მქონე ქვეყნების კაპიტალის დიდი ნაწილი ჩაიდება საქართველოს ინფრასტრუქტურასა და განვითარებაში. მსოფლიოში არის ეკონომიკური შტორმი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ამ ტალღებში კი არ უნდა ჩავიხრჩოთ, არამედ ვისრიალოთ ისე, რომ ზევით ავიდეთ და განვვითარდეთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ძირითადად რეგიონების განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილმა რეგიონებში არსებულ ყველა კონკრეტულ პრობლემაზე ისაუბრა, კონკრეტული შეკითხვები დასვა და შესაბამისი პასუხებიც მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი დიზელის საწვავისა და სასუქის დარიგების პროცედურებით დაინტერესდა. მისი თქმით, სასუქისა და დიზელის საწვავის დარიგება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უკავშირდება და სწორედ ეს პროცედურები უნდა დამთავრდეს 15 მარტამდე. მისი თქმით, მოსახლეობას დაურიგდება ტალონები და მათ საწვავის მიღება უახლოეს ბენზინგასამართ სადგურებზე შეეძლებათ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი 2-3 დღით ქუთაისში ჩასახლებულ დევნილებთან იცხოვრებს. შესაბამისი დავალება მას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მისცა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სწორედ ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს აქვთ განსაკუთრებული პრობლემები ,,მაქსიმალურად უნდა გაარკვიო დევნილების პრობლემები მათი ტვირთის შესამსუბუქებლად, ვიდრე ისინი სახლებში დაბრუნდებიან ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის ბიბლიოთეკების პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენთან სოფლებში საოცრად ჭკვიანი ხალხი ცხოვრობს. ამ ხალხს ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე. მე გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ყველა ახალი წიგნი, ასევე მასალა რაც არსებობს, მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რეგიონებში წყლის, გაზიფიკაციის, ელექტროენერგიის, სახურავებისა და ლიფტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობის წერილს, რის საფუძველზეც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი სოფელი „ფოლადაანთკარი". „შესაბამისად, უნდა იზრუნოთ, რომ იქ იყოს სკოლა, საბავშვო ბაღი, პოლიცია, საჯარო რეესტრი და ჯანდაცვის ობიექტები. სოფლიოს მეურნეობის აღორძინების საპრეზიდენტო პროგრამა განვახორციელოთ ფოლადაანთკარის მაგალითზე" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთი გეგმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ინვესტორი დაინტერესებულია წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში ხის გადამმუშავებელი კომბინატის მშენებლობით. ,,მნიშვნელოვანია, რომ ამ
რეგიონში დასაქმების სტიმულირება მოვახდინოთ,'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ასევე გეგმავს ქვეყანაში დამატებით 2000 ტრაქტორის შემოყვანას, რადგან რეგიონებში ტრაქტორების გადანაწილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. ,,მე არ მინდა ვინმეს ჰქონდეს უსამართლობის განცდა, იმის განცდა, რომ ტრაქტორები არჩევნების წინ დავანახეთ, ვუთხარით თქვენიაო და მერე ეს ტრაქტორები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის გახდა,'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური