2007 წლის 28 ნოემბრის სხდომა

2007 წლის 28 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 36 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დღეებში "ნიუს კორპორეიშენის" ვიცე-პრეზიდენტ მარტინ პომპადურთან თავისი შეხვედრების შესახებ. დარწმუნებული ვარ, თქვა პრემიერ-მინისტრმა, ეს საკითხი აინტერესებს საზოგადოებრიობას, მით უმეტეს, რომ გავრცელდა ინფორმაცია "ნიუსკორპის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის თბილისში ყოფნის თაობაზე. მართლაც, განაგრძო მან, 22 ნოემბერს, პარლამენტში საქართველოს მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ მე მქონდა სატელეფონო საუბარი "ნიუს კორპორეიშენის" ევროპის რეგიონის ხელმძღვანელთან ბატონ მარტინ პომპადურთან, რომელსაც 10 წელზე მეტია ვიცნობ ბიზნესის სფეროდან. იგი დამთანხმდა ჩამოსვლაზე და 25-26 ნოემბერს გაიმართა შეხვედრები, რის შემდეგ ბატონი პომპადური დაბრუნდა ლონდონში. მოკლედ მოგახსენებთ, თუ როგორი იყო ჩვენი კითხვები, მოთხოვნები, თუ გნებავთ, ჩვენი თხოვნები და წინაპირობები, რადგან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ თურმე არაკონსტრუქციული პოზიცია გვაქვს ან რაღაც გადამეტებულს ვითხოვთ.

ჩვენ, თქვა პრემიერ-მინისტრმა, დავსვით რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც ეხება ტელეკომპანია "იმედის" რეალურ მფლობელობით სტრუქტურას, მის განკარგვას და ა.შ. ანუ "ნიუსკორპს" ვთხოვეთ, ჩვენთვის ეჩვენებინა სხვადასხვა აქციონერს შორის არსებული ნებისმიერი სახის კონტრაქტები, სხვა დოკუმენტები, რათა გაგვეგო, სინამდვილეში როგორია იმედის აქციონერთა სტრუქტურა, რადგან ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში დათარიღებული დოკუმენტაცია, რომელიც არსებობს ქართულ იურიდიულ ველში, ანუ აქციების გადაცემის შესახებ, მიანიშნებს აქციების 100%-ის გადაცემაზე. თუ 100%-ის გადაცემა ხდება ოქტომბრის ბოლოს, მაშინ რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია წელიწადნახევრის, ერთი წლის წინ და ა.შ. გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ "ნიუსკორპი" უკვე წილის მფლობელია, უკვე აქციონერია. ეს ქართული სარეესტრო და ა.შ. მონაცემებით არ დასტურდება და ვითხოვეთ ამის განმარტება დოკუმენტალურ დონეზე. გარდა ამისა, ვითხოვეთ ამ ბოლო წელიწადის - წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამართული აქციონერთა კრებებისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ოქმები, ვითხოვეთ კონტრაქტები ან მსგავსი დოკუმენტაცია, თუკი რაიმე არსებობს "იმედის" მართვასთან დაკავშირებით, ანუ ე.წ. მენეჯმენტ-კონტრაქტები და ვითხოვეთ ინფორმაცია "იმედის" ფინანსური მდგომარეობის შესახებ დღიდან დაარსებისა, ანუ როგორ ხდებოდა "იმედის" ფინანსირება ამ წლების მანძილზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რადგან ჩვენი ინფორმაციით, იმ ინფორმაციით, რომელიც მათ წარუდგინეს საგადასახადო ორგანოებს, "იმედი" წამგებიანი კომპანიაა. აი ეს იყო სულ ჩვენი კითხვები. ვინც ბიზნესთან მეტ-ნაკლებად ახლოს არის, ალბათ დამეთანხმება, რომ ნებისმიერ ორგანიზებულ, მოწესრიგებულ ბიზნესში, სურვილის შემთხვევაში, ამ დოკუმენტაციის ამოღება და გადაცემა სულ რამდენიმე საათის ამბავია, რადგან მთელი ეს დოკუმენტაცია სტანდარტულია. ნებისმიერ კომპანიას, ნებისმიერ ბიზნესს იგი წესრიგში უნდა ჰქონდეს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი მოძიება.

რაც შეეხება წინაპირობებს, თხოვნებს თუ მოთხოვნებს, ჩვენ დავაფიქსირეთ "ნიუს-კორპის" ხილვის სურვილი, როგორც ამ ქვეყნის, მედიასივრცის ერთ-ერთი მოთამაშის, მათ შორის დავაფიქსირეთ ჩვენი პრეფერენცია, რომ "ნიუსკორპი" ყოფილიყო არათუ გაუგებარ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის გაუგებარ როლში "იმედში", არამედ თუნდაც აქციის 100%-ის მფლობელი ან საკონტროლო პაკეტის და ა.შ. ამაზე პასუხი არ მიგვიღია. შემდეგ ჩვენ დავსვით საკითხი, ალბათ უპრიანი და დროულია, გაჩნდეს გარკვეული, მინიმალური მოთხოვნები იმ პირების მიმართ, ვინც ფლობს ან მართავს სხვადასხვა მედიასაშუალებას. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური კრიტერიუმებია, დაუშვათ, საბანკო სფეროში, რომელიც ასევე ძალიან მგრძნობიარე სფეროა, და რაღაც მსგავსის გაკეთება შევთავაზეთ. უფრო მეტიც, გვესმის რა საკითხის პრიორიტეტულობა, "ნიუსკორპს" შევთავაზეთ, იქნებ ამ ეტაპზე დაჩქარებულ ტემპში მოხდეს საკითხების გადაწყვეტა. ჩვენ შევთანხმდით რაღაც ამ ძირეულ პრინციპებზე, რაც ბუნებრივია, შემდგომ დაჩქარებული ტემპით გადავიდოდა საკანონმდებლო სივრცეში და თანაბრად გავრცელდებოდა, რა თქმა უნდა, ყველა მედიასაშუალებაზე, და არა მარტო "იმედზე". მათთან შეხვედრაზე ამის შესახებ იყო საუბარი. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვეთ, რომ კვარტალში ერთხელ მაინც გვქონოდა სრული ფინანსური ინფორმაციის შემოწმების საშუალება, მათ შორის "იმედ-თან" ასოცირებული სხვა კომპანიებისა, და თუკი "იმედი" წამგებიანი აღმოჩნდებოდა, მაშინ დაფინასსების წყაროსთვის, ზარალის გადაფარვის წყაროსთვის რომ მიგვეგნო. ვითხოვეთ, რომ "ნიუსკორპი" ყოფილიყო ამ ინფორმაციის უტყუარობის გარანტორი. ჩემის აზრით, აქაც არაფერია არაბუნებრივი, არაკონსტრუქციული და შეუძლებელი.

და ბოლოს, ისევ საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, "ნიუსკორპს" შევთავაზეთ, რომ შემდგარიყო რაღაც საზოგადოებრივი მედიასაბჭო, ან რაღაც ამის მსგავსი ორგანო ყველანაირი საკანონმდებლო და ა.შ. ფუნქციების გარეშე. ლაპარაკია მორალურ-ეთიკურ მხარეზე. შევთავაზეთ გარკვეული დაკომპლექტება არასახელმწიფო-ებრივი მხრიდან, თვითონ "ნიუსკორპის" მხრიდან და ა.შ. რადგან ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ჯერ-ჯერობით არ არსებობს პროფესიული ან ეთიკური სტანდარტები, ჩვენ შევთავაზეთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ საბჭოს გამოეყენებინა დიდი ბრიტანეთის მედიის ეთიკური და პროფესიული კოდექსი. მოგეხსენებათ, "ნიუსკორპი" დიდი ხანია ძალზე წარმატებით საქმიანობს დიდ ბრიტანეთში. მათ გააჩნიათ უმსხვილესი საკაბელო ტელევიზიის 40-%. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის ეთიკური ნორმები მათთვის ცნობილი, მისაღები და გასაგებია. ჩვენ ასევე შევთავზეთ, რომ გნებავთ ეს საბჭო, გნებავთ სათათბირო ორგანო, კვირაში ერთხელ გასულიყო ყველა ტელევიზიით და ესაუბრა ბოლო კვირის მანძილზე რომელიმე მაუწყებელმა რა შეცდომა დაუშვა, რა ხარვეზი გაეპარა ან რაღაც ამის მსგავსი, ამ ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ბუნებრივია, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს ნორმები გავრცელდებოდა საქართვე-ლოში მოქმედ ყველა არხზე და არ იქნებოდა გავრცელებული მხოლოდ "იმედზე".

ბოლოს, ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ალბათ მიზანშეუწონელია იმ ჟურნალისტების ჟურნალისტური საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ ან მიდიან, ან დიდი ხანია პოლიტიკაში საქმიანობენ. სულ ეს იყო, რაც ჩვენ დავაყენეთ პირობების სახით. დამეთანხმებით, რომ აქ შეუსრულებელი და არაკონსტრუქციული არაფერია. გაიმართა ორი შეხვედრა, რის შემდეგ ბატონი პომპადური დაბრუნდა ლონდონში, სადაც განაგრძო კონსულტაციები თავის პარტნიორებთან, კოლეგებთან, როგორც "ნიუსკორპში", ალბათ, ასევე მის გარეთ. ჩვენ ველით პასუხს ჩვენს წინადადებებზე. შეხვედრის დროს სულ ერთ თუ ორ საკითხზე იყო ჩვენთვის ნათქვამი, რომ ეს შეუსრულებელია. პრაქტიკულად, ასეთი საკითხი ერთი იყო, რომელიც ეხებოდა ჩვენს სურვილს, რომ "ნიუსკორპი" გვეხილა ქართულ სივრცეში როგორც ამა თუ იმ მედიასაშუალების ერთადერთი მფლობელი. ეს, მართლაც, შესაძლოა შეუძლებელია. სალაპარაკო თემა იყო ყოველივე და ის რამდენიმე კითხვა, დაკავშირებული იმ ნამდვილ სურათთან, რომელიც დღესდღეობით არ გვაქვს, ან, ყოველ შემთხვევაში, თუ გვაქვს და თუ ის სურათი ნამდვილია, საკმაოდ უცნაური სურათია, რადგან იმ ფონზე, როცა წელიწადნახევარი ლაპარაკია იმის შესახებ, რომ "ნიუსკორპი" არის "იმედის" პარტნიორი, თანამფლობელი და ა.შ., სარეესტრო მონაცემებით და საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არსებული ყველა სხვა მონაცემით ეს არ დასტურდება. ამის საბოლოო დასტური ან ინდიკატორი იყო თუნდაც ის, რომ მინდობილობა აქციების 100%-ს ეხებოდა და არა ნაკლებ პაკეტს, თქვა დასასრულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი