2007 წლის 24 ნოემბრის სხდომა

2007 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობდა.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიე­სალმა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს, მთავრობის ორ ახალ წევრს - განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მაია მიმინოშვილს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს, მთავრობის მთელ შე­მადგენლობას, წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოხატა, რომ მთავ­რობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ამომწურავი, კონკრე­ტული, რეალისტურია და საქმის ძალიან ზუსტი ცოდნით არის შედგენილი, აღმოჩ­ნდება ის მყარი საფუძველი, რომელზე დაყრდნობით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის ეკონო­მიკის განვითარებას.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მიმართა ხალხს განახლებული დემოკრატიული მანდატისათვის, რომ 5 იანვარს ხელახლა მოგვეცეს საშუალება გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა გაძლიერებული დემოკრატიული მხარდაჭერით, ჩვენი ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით, რათა დავძლიოთ ყველა სირთულე და შევძლოთ იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც ქვეყნის წინაშეა.

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრეთ აცნობა, რომ 25 ნოემბრიდან საქართვე­ლოს პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას 40 დღის განმავლობაში, ხოლო თვითონ ჩაებმება პრეზიდენტობის საარ­ჩევნო კამპანიაში. ამიტომ, თქვა მან, გადავწყვიტე მთავრობას მივცე დავალებები გარ­დამავალ პერიოდთან დაკავშირებით. საქართველოსათვის ეს ძალზე მგრძნობიარე პერიოდია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება, საზოგა­დოებრივი წეს­რიგი, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია და გართულება, რისი მცდე­ლობა, ეჭვგარეშეა, იქნება. სამართალდაცვის სტრუქტუ­რები მზად არიან, რათა ეს არ დაუშვან. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მგრძნობიარე რეგიონალური პრობ­ლე­მების მიმართ, მზად იმისათვის, რომ ყველა საფრთხის სათანადო დონეზე აცილება მო­ვა­ხერხოთ.

შემდეგი საკითხი, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, არის ადრინდელი და­ვალება, რომელიც ახლა აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ, ხაზგასმით აღნიშნა მან, არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში ამ ზამთრის განმავლობაში ვინმეს სციოდეს, შიოდეს ან სხვა სახის უკიდურესი პრობლემები ჰქონდეს. ამისათ­ვის უნდა ავამოქმედოთ საპენსიო მექანიზმები და გაზრდილი პენსიები, უმწეოთა დახმარების განსაკუთრებული პროგრამა, მივიღოთ ქმედითი ზო­მები შეშით უზრუნ­ველყოფისა და ვაუჩერების პროგრამების რეალიზებისათვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის, იმისათვის, რომ ზამთრის თვეებში თითოეულ ჩვენს მოქა­ლაქეს, თითოეულ ოჯახს თავიდან ავაცილოთ ყველანაირი სირთულე. ეს დავალება მიღებული გაქვთ, ბიუჯეტში სათანადო ცვლილებები განხორციელდა. ახლა ჯერი პარლამენტზეა და ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა ამ პრობლემის უკეთესად გადაწყვეტა, სიტუაციის ფლობა და მისი გაუმჯობესება.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არჩევნე­ბის დემოკრატიულად გამართვის საკითხს. ჩვენ, თქვა მან, გვინდა არა მხოლოდ ახალი მანდატის მიღება, არამედ ისეთი მანდატის მიღება, რომელიც მთლიანად განამტკი­ცებს და გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს, თითოეული ჩვენგანის პერსპექტივებს საქართველოს გაერთიანებისა და ქვეყნის უკეთე­სი მომავლის შექმნი­სათვის. ამიტომ, ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ ძალას ჩვენ მივცემთ არჩევნებზე გასვლის საშუალებას დემოკრატიულ სიტუაციაში, რათა ქარ­თველმა ხალხმა გადა­წყვი­ტოს, თუ ვის რა შანსს აძლევს, ვის რა მხარდაჭერას აღ­მოუჩენს. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ მასმედიის ყველა საშუალების თავისუფ­ლება იმ პირობებში, რო­ცა დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, გამორი­ცხული იქნება ყოველ­გვარი ძალადობრივი მოქმედება. უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დე­მოკრატიულ სამყაროში დემოკრატიას იცავს მის მოწინააღ­მდეგეთა და ძალადობრივი გზის მომხრეთაგან. ამ თვალსაზრისით საქარ­თველოს მთავრობამ გადადგა სერიო­ზული ნაბიჯები და ჩემი მთავრობა არჩევნების დღემდე და მის შემდეგ აპირებს ამ მხრივ სერიოზული და მკვეთრი პოზიცია დაიკავოს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორ­გა­ნიზაციასთან. მოვიწვევთ ეუთოსა და ევროკავშირის დამ­კვირვებლებს. ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს ჩვენმა მომხრეებმა. გუშინ საქართველოში ვიზიტად იყვნენ ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები, ხოლო ორი დღის წინ ხელი მოვაწე­რეთ საუკუნის კონტრაქტს სარკინიგზო მაგისტრალის - ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბა­ქოს - მშენებლობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელო­ვანი გამოწვევებით აღ­სავსე პერიოდი არა მხოლოდ მთლიანად ქვეყნისათვის, არამედ თითოეული მისი მო­ქალაქისათვის, მაგრამ საქართველო, დარწმუნებული ვარ, რო­გორც ყოველთვის, ამას გადაიტანს მედგრად, მტკიცედ და ჩვენ შვძლებთ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი სიმ­ტკიცე, ორგანიზებულობა, ის რომ, საქართველოს ჰყავს მთავ­რობა და ხელისუფლე­ბა, რომელსაც შეუძლია სიტუაციის მართვა, ყველანაირ პირო­ბებში ფუნქციო­ნირება და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა პოლიტიკურად ყველაზე ცხელ, საარ­ჩევნო პე­რიოდშიც კი.

ისიც მინდა გითხრათ, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, რომ ამ პერიოდ­ში თქვენს მუშაობას დავაკვირდებით გამადიდებელი შუშით. ჩვენ მრავალი ცვლი­ლება გვექნება. მინდა ეს ყველამ იცოდეს. ყველა დონეზე უნდა გადავ­დგათ ნა­ბიჯები, რათა ქვეყნის განვითარება ბევრად უფრო ინტენსიურად და სწორად წარი­მართოს, რაც არის საზოგადოებრიობის მოთხოვნა. ამიტომ, მე, ახა­ლი პრემიერ-მინისტრი, თითოეული ჩვენგანი დეტალურად დავაკვირდებით თითოეული მინისტრის, ადგილობ­რივი მმართველობისა და ყველა დონის ადმინისტრაციული აპარატის წარმომადგენ­ლის მოქმედებას. ყველა წერტილში, სადაც კი სახელმწიფოს შეხება აქვს ხალხთან, უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად მობილი­ზე­ბული, ეფექტიანები, რათა არ გავაცინოთ ქვეყნის მტერი და საქართვე­ლოს ისტორიის ეს ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდა ხუთზე ჩავაბაროთ. საქარ­თველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ყველა მანდატი, რომ ამ 40 დღის განმავლობაში კონკრეტულ გადაწყვეტილებათა კორექტირება მოახ­დინოს. ცხოვ­რება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, მაგრამ განსაკუთრებული მობი­ლიზე­ბის პირობებში. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი 40 დღე. დარწმუნებული ვარ, ყვე­ლაფერი კარგად დამთავრდება, ოღონდ ყველა უნდა იყოთ ფხიზ­ლად, იმუშაოთ მეტი მონდომებით. დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე ვიყავით წარმატებულები, ასევე წარმატებით დავაგვირგვინებთ ამ კამპანიას. 5 იანვარი საქართველოს ისტო­რიაში შევა როგორც ახალი ეტაპის ათვლის თარიღი, დასძინა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ეს მის­თვის პირველი სხდომაა, მაგრამ ხედავს მთავრობის წევრთა სამუშაო განწყობას. მან თქვა, რომ მოგვიწევს სერიოზული მუშაობა, რათა 2008 წლის ბიუჯეტი რაც შეიძლება მალე და ხალხზე ორიენტირებული წარვუდგინოთ პარლამენტს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მაქსიმუმ, ალბათ, 10 დღეში, თუ ნაკლებში არა. 40-დღიანი პე­რიოდის მიუხედავად უკვე დავიწყეთ ფიქრი და მუშაობა იმ სტრა­ტეგიულ პროექტებზე, რომლებიც გვაქვს, იქნება ეს ფოთი, რკინიგზა თუ სხვა და სხვა, რად­გან საამისოდ სხვა დრო არ იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი დარტყმა, რომლის მოყენებაც გარკვეულ წრეებს უნდოდათ ბო­ლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმართულია ჩვენს საინვესტიციო ფონდზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოში არავინ ჩადოს ფული. თუ ჩვენ მშვიდად გავივლით ამ პერიოდს, პი­რიქით, ბევრად უფრო მეტ შედეგს მივიღებთ. ეს არ არის დიდი საიდუმლო. რამ­დენად წყნარი და სტაბილური იქნება გარდამავალი პერიოდი, იმდენად მეტი ინვეს­ტიცია ჩამოვა საქართველოში; ე.ი. უფრო მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდება, უფრო მეტი საშუალება იქნება ჩვენი წარმოების, ვაჭრობის სექტორის აღმავლობისათვის თითოეული ადამიანის შესაძლებლობათა გასაფართოებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრეთ შეახსენა, რომ 1 დეკემბერს იწყება უმუ­შევრობის დაძლევის პროგრამის რეალიზება. საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა სათანადო კორექტირება, რათა ეს პროგრამა ბევრად უფრო ფოკუსირებული გამხდარიყო. ამ კუ­თხით უკვე მიღებულია შემოთავაზებები ბიზნესის სფეროდან და ეს მუშაობა უნ­და გაგრძელდეს. რიგ რაიონებში დაიწყო დაზღვევის პროგრამის, მასწავ­ლებლების ხელფასის პროგრამის რეალიზება. დღეს, თქვა მან, შევხვდი მასწავლებ­ლებს. ისინი იმედის თვალით უყურებენ ამ ღონისძიებას და ჩვენ არ უნდა გავაწ­ბილოთ მათი მო­ლოდინი. ეს ხელფასების ზრდის მხოლოდ დასაწყისია, რაც რეა­ლურად მოხდება ამ სექტორში. თბილისი და ბათუმი იწყებენ ამას. ეს კიდევ რამდენიმე ადგილას გაკეთ­დება. ეს იქნება დაზღვევა, უფრო სწორად, დამატებითი სამედიცინო დახმარება წამ­ლე­ბით. ეს ეხება იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ცალკე აღებული ვაუჩერები, რამაც რეგულარული ხასიათი უნდა მიიღოს, რადგან ერთია დაზღვევა, მეორეა ხალხი, ვინც სახლშია, რომელსაც პრობლემები არ უნდა შეექმნას. ამ ეტაპ­ზე, სადაც შევძლებთ ამას, დავიწყოთ და შემდეგ გავავ­რცელოთ მთელ ქვეყანაში.

ასევე არის კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგომო­მა­რა­გე­ბასთან, გაზიფიკაციასთან, ვაუჩერების დაცვასთან, რადგან რამდენიმე ადგი­ლას შეიქმნა ტექნიკური სიძნელეები, რომლებიც ერთად უნდა გამოვრიცხოთ. ენერ­გე­ტიკის სამინისტრო პირადად უნდა ჩაერთოს, რათა ამ კუთხით პრობლე­მები ვერა­ვინ შექმნას. ასევეა შეშასთან დაკავშირებით, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს გარემოს დაც­ვისა და ბუ­ნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად განსაკუთრებული გა­და­წყვეტილება მივიღეთ და ამ მიმართულებითაც რაიმე ბიურო­კრატიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ოთახში მიიღება, ხალხამდე უნდა მივიდეს ყოველგვარი არასწორი ინტერპრეტირებისა და ზედ­მეტი ბიუროკრატიის გარეშე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ყველას უნდა ეს­მოდეს, რომ პოლიტიკური ბრძოლების, ბატალიების ფონზე, ქვეყანა ფუნქციონირებს ჩვენი მოწინააღმდეგისათვის მოულოდნელად, მაგრამ ჩვენთვის გასაგებად, ძალიან კარგად და სწორად. ჩვენ შევქმენით ისეთი ქვეყანა, რომელსაც ასე ადვილად ვერავინ შეარყევს და ეს რყევები არ შეეტყობა მის მოქალაქეებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმ­შვი­დე და ორგანიზებულად წავიდნენ არჩევნებზე, რადგან ახლა, როგორც არას­დროს, წყდება ქვეყნისათვის ფუნდამენტური საკითხი, შედგება საქართველო, რო­გორც სახელმწიფო, თუ არა, შეძლებენ მტრული ძალები მისი სახელმწიფოებრივი სა­­ფუძვლების შერყევას? აქამდე ვერ შეძლეს და მომავალშიც ყველამ უნდა გავიზია­როთ პა­სუხისმგებლობა და არ მივცეთ საშუალე­ბა ბნელ, მაფიოზურ, ოლიგარქიულ ბინძურ ძალებს საქართველოში რაი­მე სახის პრობლემა შექმნან. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ამოცანები ამ უახ­ლოესი 40 დღის განმავლობაში. მათდა მოულოდ­ნელად საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა, მთავრობამ, პარლამენტმა გამოიჩინა საოცარი ერთსულოვნება, მაგრამ ეს ბოლომდეა შესანარჩუნებელი. ჩვენმა მოქალა­ქეებმა ბოლომდე უნდა დაინახონ, რომ ეს ყველაფერი შეუქცევადია, ეს ყველაფერი კეთდება მათთვის და მათი თანამონა­წილეობა აქ იქნება გარანტირებული. საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანის გადა­საწყვეტია საქართველოს, თითოეული ჩვენგანის, თითოეული ოჯახის მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოხატა, რომ ასევე გაგრძელდება ყველა იმ საკითხზე მუშაობა, რაც საქართველოს თავდაცვას ეხება. რაც შეეხება პოლი­ციას, თქვა მან, ვფიქრობ, აქ ზომები მიღებულია და უზრუნველყოფა სათანადო დო­ნეზეა. ენერგეტიკის კუთხით კონტრაქტები გვაქვს, რომლებიც გრძელდება. ამასთან გრძელდება მოლაპარაკებაც, მათ შორის, გრძელვადიან კონ­ტრაქტებზე. სოციალური კუთხით ბევრი რამ დავთვალეთ და თუ კიდევ რამ არის დასათვლელი და გასა­კეთებელი, ვფიქრობ, ამას გააგრძელებთ. საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროპული კუთხით, ასევე მთლიანად საერთაშორისო კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას. და ეს მუშაობა ძალზე ინტენსიური უნდა იყოს. აქ უნდა ჩამოვიდეს ძალიან ბევრი დამკვირვებელი, რომ ვერავინ შეძლოს რაიმე პრობ­ლემის შექმნა არჩევნებთან დაკავშირებით.

ლტოლვილთა და განსახლების ახალმა მინისტრმა, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა, მინდა იცოდეს, რომ ზამთრის პერიოდი ყველაზე რთულად ჩვენი სა­ზო­გადოების ყველაზე დაუცველი ნაწილისათვის, დევნილებისათვის არის გადასა­ტანი. ამიტომ, შეეცადე დასაქმების პროგრამაში მათი მაქსიმალურად ჩართვა. 11-ლარიანი დახმარების მოცულობა მათ აუცილებლად უნდა გავუზარდოთ, მაგრამ დასაქმების პროგრამაში ჩართვით დევნილს შეუძლია 600 ლარი აიღოს. ამას მაქსიმალურად უნ­და გავუწიოთ რეკლამა, რათა დევნილებმა დაინახონ, რომ მათაც აქვთ პერ­სპექტივა, განსაკუთრებით ქალაქებში, ამ პირველ ეტაპზე, იმისათვის, რომ ასევე უკეთესი შემო­სავლები და უკეთესი დასაქმების პერსპექტივა ჰქონდეთ. საბოლოო ჯამში, საქარ­თველოს მთავრობამ უნდა შექმნას აფხაზეთში მათი დაბრუნების ზუსტი, დროში გა­წერილი, პერსპექ­ტივა, იქ, სადაც ყველანი უნდა დავბრუნდეთ, და საერთოდ, ამ კონ­ფლიქტების გადაწყვეტის პერსპექტივა. ეს, ასევე ჩვენი ნორმალური ცხოვრებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებიც, 5 იანვარს წყდება.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისათვის და აღუთქვა, რომ თითოეული დავალება დაუზარებლად იქნება შესრულებული, რომ მისი საქციელით პრეზიდენტს არ მიადგეს ჩრდილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტმა ვლადიმერ გურგენიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 3 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილია მისი შეხვედრა ინ­ვეს­ტორებთან. შეხვედრაზე, თქვა მან, განმარტებული იქნება ის პროცესები, რომ­ლებიც საქართველოში მიმდინარეობს. განწყობა ძალზე კარგია, რადგან ინვესტო­რებს შო­რის არიან ისეთები, ვინც წლების განმავლობაში აბანდებს თავის კაპიტალს საქარ­თველოში, ვისაც მრავალჯერ შევხვედრივარ. ახალ როლში ეს იქნება მათთან ჩემი პირველი შეხვედრა და ვეცდები განვუმარტო და ავუხსნა, თუ რა პერსპექტივები გვე­ლოდება, რა მყარი საფუძველი აქვს ჩვენს ეკონომიკურ ოპტიმიზმს. 4-6 დეკემბერს შეხვედრები ბრიუსელში იგეგმება.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს გაიმართა მისი, ფინან­სთა მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის შეხვედრა საქართველოს წამყვან ბიზნესმენებთან. მან თქვა, რომ მზად­დება ერ­თობლივი, საინტერესო ინი­ციატივები, ასე ვთქვათ, კრეატიული. ამასთან დაკავში­რებით აუცილებე­ლია ექსპორ­ტის მაქსიმალურად ხელშეწყობა, საინვესტიციო კლიმა­ტის გაუმჯობესება. ჩვენს კომ­პანიებს საკუთარი პროდუქცია გააქვთ უზბეკეთში, აზერბაიჯანში და ა.შ., მაგრამ აქვთ კონ­კრეტული პრობლემები. ალბათ უნდა შედგეს საუბარი საგარეო საქმეთა სა­მინის­ტროსთან, თუ როგორ დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს კონკრეტულ ბაზრებზე და­სამკვიდრებლად.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა სკოლების გათბო­ბის პრობლემის გადაწყვეტის მიზნით განხორციელებულ სამუშაოთა მიმდინარეობით. მან თქვა, რომ დღეს რუსთავში გახსნა ახალი ტექნიკური სასწავლებელი, რომლის სამიდან ორ კორპუსში ჯერჯერობით არ არის ჩართული გათბობა. ტემპერატურა კი იქ ნულთან ახლოსაა. მან დაავალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანგებო რეჟიმში შეისწავლოს ამ მხრივ არსებული მდგომარეობა და მიიღოს ზომები სკოლებში გათბობის უზრუნველსაყოფად. სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, იქ უნდა შეიტა­ნონ შეშა, ფულის პრობლება არ უნდა იყოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ მთავრობის სხდომას მიაწო­და ინფორმაცია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შემუშავებული ერთობლივი პროგრამის თანახმად სკოლებში დაგეგმილი იყო გაზის მიყვანა, შიდა ქსელის მოწყობა და გათბობის დამონტაჟება, რაც პრაქტიკულად ყველგან შესრულდა. დარჩენილია დამონტაჟების სამუშაოები 22 სკოლაში და ამ ერთი კვირის განმავლობაში, შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, 60 სკოლაში გათბობა ჩაირთვება. ზოგიერთ სკოლაში ეს შეიძლება ორი დღით დაგვიანდეს, ისიც ტესტირების გამო. თბილისში ყველა სკოლა გაზიფიცირებულია, არც ერთ სკო­ლაში შეშა არ გვჭირდება, გარდა სამისა, სადაც გაზი ვერ მივიყვანეთ და ისინიც უზ­რუნველყოფილი იქნებიან დიზელის საწვავით.

წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია გადაწყდეს საწვავით უზრუნველყოფის პრობლემა იქ, სადაც გაზი არ არის. ქუთაისშიც ზუსტად ასეთი სიტუაციაა. ჩვენ გამოვყავით 2,5 მლნ ლარი, თქვა მან, რომ ქუთაისში მომხდარიყო სკოლების გაზიფიკაცია. საკითხი სა­განგებო კონ­ტროლზე აქვს პრემიერს. სამეგრელოში, იმერეთში რამდენიმე ადგილას დავიწყეთ გაზიფიკაცია. თუკი სადმე შეიძლება, რომ მოვასწროთ და სკოლებამდე მივიყვანოთ, გავაკეთოთ. ეს ეხება საქართველოს სხვა რეგიონებსაც. საერთოდ, მო­მა­ვალ წელს საქართველოს უმთავრეს რეგიონებში ძირითადი გაზიფიკაციის სამუშაოე­ბი უნდა დამთავრდეს. ეს ძალზე პრინციპული საკითხია.

ასევე არის მრავალი დეტალი, განაგრძო საქართველოს პრეზიდენტმა. მაგა­ლი­თად, ჩვენ ახლა გვაქვს არა მხოლოდ თბილისი-იგოეთის გზის დამთავრების პრობ­ლემა, რომელსაც ამ დღეებში ვამთავრებთ, არამედ კახეთის მთელი გზის განათების პრობლემა. სართიჭალის მონაკვეთი განათებულია, მაგრამ ასევე უნდა გავანათოთ მთელი გზა თელავამდე. ეს არის ვიწრო გზა, სადაც მოძრაობა გაიზარდა. იგივე ითქმის თბილისი-იგოეთის მონაკვეთზეც. ხომ დეტალებია, მაგრამ ყველა ასეთი რამ უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად. ერთი ბოძიც რომ იყოს ჩასასობი და არ ჩავასოთ, ან არ დავაყენოთ ნათურა იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს იქნება დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა. დემოკრატია ასეა, სულ არის საარ­ჩევნო კამპანიები და საქმეც კეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა საჯარო რეესტრში არსებული ვითა­რე­ბით, საკითხებით, რომლებიც ეხება ქონების დაკანონებას, აგრეთვე რეგისტრა­ციის მიმდინარეობას, რაზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველანი მობილიზებული არიან და დეპარ­ტამენტის დონეზეც შეფერხებები არ არის. სამოქალაქო რეესტრში არის სერიოზუ­ლი ცვლილებები. კერძოდ, მოსახლეობისათვის გაცილებით უფრო გაადვილდება ინ­ფორმაციის მიღება საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად. შემოღებულია ესემესის (SMS) სამსახური, რაც თანამედროვე მეთოდია. ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება მიეცემა თვითონ, ამასთან მარტივად გადაამოწმოს საკუთარი ინფორმაცია ესემესის (SMS) გაგზავ­ნით და იმავდროულად მიიღოს სათანადო ინფორმაცია. მომავალ კვირას იგეგმება ამ ღონისძიების პრეზენტაცია და ამ სიახლის დანერგვაც. გარდა ამისა, სიების დონეზე ფაქტობრივად მუშაობა დასრულებულია, მონაცემების გადამოწმება იდეალურ დონე­ზეა, შესაძლოა იყოს ერთი პროცენტის ცდომილება, რაც მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ კარგი პრეცედენტია, რამდენ ქვეყანაში 3-4% მისაღებად ითვლება, ჩვენ იმაზე უფრო დაბლა ჩამოვალთ ცდომილების თვალსაზრისით და კარდაკარ შემოვ­ლის შესაბამისად, უკვე პირადი მონაცემები აღირიცხება სამოქალაქო რეესტრში, რაც, შესაბამისად, საარჩევნო სიებშიც ასევე აისახება. არგუმენტი იმის თაობაზე, რომ რაღაც ცდომილებები შეიძლება იყოს, ფაქტობრივად ფიქტიურია.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ რეგისტრაციასა და საარ­ჩევნო სიებზე პრობლემები არ იქნება. მან თქვა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნენი, მათ შორის ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტი, შეეცდებიან ეს გააკეთონ, როგორც ყო­ველთვის, ამის ილუზია შექმნან. ისინი ხომ ილუზიონისტები არიან, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მათ­განი. ამიტომ ჩვენ არც ერთ ასეთ პოლიტიკურ კიოს არ უნდა მივცეთ საშუალება ეჭ­ვის ნიშანიც კი დასვას ამის თაობაზე. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალედ, კონ­კრეტულად და მაშინ საქმე ბოლომდე კარგად მივა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა რეგიონებში არსებული მდგომარეო­ბით, რაიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობით, ასევე მოსახლეობის შეშით უზ­რუნველყოფის საკითხით, რის შესახებ მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ უნდა ამოსულიყო პრეზიდენტის დონეზე. რაღაც ტყეები ჩვენ გავეცით იჯარით, მაგრამ ზოგიერთი მოიჯარე მუდმივად არის რაღაცის კეთების საწყის ეტაპზე. იმ პირობებ­ში, როცა მოსახლეობა მუდამ ჭრიდა ტყეს და ახლა შენ მას ტყეში არ უშვებ, ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი, რის შესახებაც თავიდანვე გაგაფრთხილეთ. სამწუხაროდ, ნამ­დვილად მოხდა გადაჭარბება ამ მიმართულებით. ყველა არ ისარგებლებს ამ ვაუ­ჩერებით, მაგრამ რამდენიმე წელი ზედიზედ ჰქონდეთ და ისარგებლონ. ჩვენ გვირ­ჩევნია ამით სახელმწიფომ ნაკლები შემოსავალი მიიღოს, მაგრამ მეტ ადამიანს ჰქონდეს თავისუფლად მოქმედების საშუალება. საუბარია საკუთარი ოჯახის გასა­თბობ ხე-ტყეზე და არა ტყის მასივების გაჩეხვაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფრო­სის მოადგილემ, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ჯამბულ ბაკუ­რაძემ განაცხადა, რომ რეგიონებში ნორმალური სიტუაციაა, ინვესტიციების დაბან­დება დაწყებულია. რაც შეეხება სპორტულ ობიექტებს - ზუგდიდში უკვე დამთავ­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, ოზურგეთში თვის ბოლოს დამთავრდება, თამარაშენში კი დამთავრებუ­ლია, მისასვლელი გზის გაკეთება გახდა საჭირო. მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის თაობაზე მან თქვა, რომ ბოლო კვირაში მდგომარეობა გამოსწორ­და მას შემდეგ, რაც მივიღეთ გლეხების იქ შეშვების გადაწყვეტილება. ამასთან, ბოლომდე არ არის საბავშვო ბაღებისა და სკოლების შეშით უზრუნველყოფის საკი­თხი გადაწყვეტილი.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა დაავალა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების დაცვის სამინისტროს, სხვა სამინისტროებს, საქართველოს მთავრობის კან­ცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტს, საქართველოს პრე­ზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს განახორციელონ სათანა­დო ღონისძიე­ბები, რათა უახლოეს დღეებში გადაწყდეს შესაბამისი სახის სა­წვავით ყველა სკო­ლისა და საბავშო ბაღის უზრუნველყოფის საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა გზების საკითხით, კერძოდ ზე­მო აფხაზეთში ახლად გაყვანილი გზის ფუნქციონირებით. ახლა, ეს 40 დღე არის ძალიან სენსიტიური პერიოდი. რა რაოდენობის თოვლიც უნდა მოვიდეს ზემო აფხა­ზეთში, იმისათვის რომ ზემო აფხაზეთი დაცული იყოს, ხალხმა თავი მშვიდად იგრძნოს, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გზა, რომ დაგვჭირდეს 24 საათი მუშაობა და მთელი ჩვენი ტექნიკის იქ თავმოყრა, უნდა იყოს გაწმენდილი და გახსნილი ქვეყნის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პრობლემები შეექმნათ იქ მყოფ ადამიანებს, რაც არ უნდა და­ვუშვათ, განაცხადა მან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფრო­სის მოადგილემ, რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ჯამბულ ბაკუ­რაძემ საქართველოს პრეზიდენტს აცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულია სათანადო გადაწყვეტილებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარების საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ზემო აფხაზეთის ახალ გზაზე პრობლემები არ შეიქმნება და იგი გახსნილი იქნება.

დასასრულ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უსურვა წარმატებული საქმიანობა საქართველოს მთავრობას, იმედი გამოხატა, რომ ყველაფერი ბოლომდე ისე შესრულდება, როგორც გათვალისწინებულია და დასძინა, - 5 იანვარს ყველას გისურვებთ არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ გამარჯვებას დიდი უპირატესობით. ჩვენ უბრალოდ გამარჯვება არ გვინდა. ჩვენ გვინდა შთამ­ბეჭდა­ვი, დამაჯერებელი, ძალიან დიდი ანგარიშით გამარჯვება, არჩევნების მოგება და სა­ქართველოს გადასვლა განვითარების შემდგომ, ძალიან გადამწყვეტ ეტაპზე. ღმერ­თმა ხელი მოგიმართოთ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი