2007 წლის 25 ოქტომბრის სხდომა

2007 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 9 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ვენაში, ლონდონ­სა და ნიუ-იორკში გაიმართება საინვესტიციო ფორუმები. ამ ფორუმებს, თქვა მან, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში საინვესტიციო კაპიტალის მოსა­ზიდად. პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა ფორუმების დღის წესრიგით და აღნიშნა, რომ იქ წარდგენილი იქნება საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რის საფუძველზეც ჩვენ მოველით საქარ­თველოში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ ტემპებს წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში.

დღეს, განაგრძნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ განვიხილავთ 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. პრაქტიკულად ბიუჯეტი უკვე იღებს საბოლოო სახეს. ჩვენი ძირითადი პრიორიტე­ტები კვლავ იგივეა: სოციალური სფერო, განათლების სფერო და ამ მიმართულებებით დამატებითი ხარჯები; მომავალ წელს სერიოზულად შემცირდება ხარჯები ენერგეტიკაში, რადგან წელს ვამთავრებთ ყველა პრობლემის მოგვარებას და, პრაქტიკულად, სექტორი საბოლოო სახით არის ჩამოყალიბებული. თუ სამომავლოდ ამ სფეროში რაიმე არის გასაკეთებელი, ეს არის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა უკვე ახალი გენერეციის ობიექტებში; გაგრძელდება ინვესტიციები საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულე­ბები.

საინ­ვესტიციო ფორუმებზე საუბარი გვექნება იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, - თქვა დასასრულს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი