საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 18 ივლისის სხდომა

2007 წლის 18 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. დღის წესრიგში შეტანილი იყო 16 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატივი მიაგო ტექსელის აჯანყების ბოლო გადარჩენილი ქართველი მონაწილის პოკრო გახარიას ხსოვნას, რო­მელიც 17 ივლისს სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქ ზუგდიდში. საქარ­თველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო ისტორიული აჯანყება. რამდენიმე ასეული ქარ­თველი მებრძოლი, რომლებმაც მოახერხეს მრავალ­რიცხოვანი გერმანული გარნი­ზო­ნის განიარაღება, ადგილობრივ ჰოლანდიელ მოსახ­ლეობასთან ერთად თვეების გან­მავლობაში გმირულ წინააღმდე­გობას უწევდა ფაშის­ტური გერმანიის ჯარებს. ეს იყო დასავლეთ ევ­როპაში მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბოლო ბრძო­ლა, რომელ­შიც გმირულად იბ­რძოლეს ქართველებმა. ეს იყო ჩვენი ქვეყნის შვი­ლების განსაკუთ­რებული მისია ევროპისათვის ამ ძალზე მნიშ­ვნელოვან ისტორიულ მომენტში, ხაზ­გას­მით აღნიშნა სა­ქართველოს პრეზიდენტმა და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ თავის დროზე აჯანყების მონაწილეთა გმი­რო­ბა ღირსეულად არ დაფასდა, მრა­ვალი მათგანი დაი­ჭირეს, გადაასახლეს, მრავა­ლი შე­ვიწ­როებული იყო და რომ არა ბატონი რეზო თაბუკაშვილის განსაკუთრებუ­ლი მცდე­ლობა მათი რეაბილიტაციისათ­ვის, ეს იქნებო­და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მივიწყებული თემა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა რწმენა, რომ პოკრო გახარიას მსგავსი გმირები სამეგრელოში, და მთლიანად საქართველოში, კიდევ მრავალი გაიზრდება.

საქართველოს მთავრობის წევრებმა და დამსწრეთ ფეხზე ადგომით და წუ­თიერი დუმილით პატივი მიაგეს პოკრო გახარიასა და ტექსელის აჯანყების მონაწილე სხვა ქართველი გმირების ხსოვნას.

საქართველოს საკრედიტო სუვერენული რეიტინგის შესახებ საქართველოს ფი­ნან­სთა მინისტრის ალექსი ალექსიშვილის ინ­ფორ­მაციასთან დაკავშირებით (ლაპარაკია საქართველოსთვის "BB-" რეიტინგის მინიჭებაზე) საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ქვეყნის ეკო­ნომიკის მნიშვნელოვან წინსვლაზე მიუთითებს. საქართველოს მოუწყვეს არა მხო­ლოდ ფაქტობრივი ბლოკადა (ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი), არამედ ვირტუალური ბლოკადაც. მუდმივად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ აქ დღე-დღეზე ომი დაიწყება, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს, რომ ქვეყანაში ქაოსი და არეულობაა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ბიზნესკლიმატის შექმნა, რომლის მსგავსი არ აქვს რეგიონის არც ერთ ქვეყანას. ჩვენ ვებრძვით და კვლავაც შევებრძოლებით კორუფციას, იმის მიუხედავად ვინც რა უნდა თქვას და ვის როგორ აღიზიანებს ეს, რადგან კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მთავარი რესურსი ქვეყნის შიგნით. ყოველივე ამით ჩვენ ავმაღლდით მსოფლიო საინვესტიციო რეიტინგებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩნდა საბანკო კრედიტის პროცენტის შემცი­რების შანსი, ე.ი. უნდა გაფართოვდეს სესხების რაოდენობა. ამის შედეგად ხალხი შეიძენს ბინებს, ტრაქტორებს, განავითარებს სოფლის მეურნეობის წარმოებას, შექ­მნის გადამმუშავებელ საწარმოებს, მეტი ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში. ყოვე­ლი­ვე ამას გაუჩნდა ეკონომიკური აზრი და მნიშვნელობა. მთავარია, რომ ყველა ამ ღონისძიებათა შედეგად გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და მაქ­სი­მალურად შევეცადოთ, რომ სწორი ხარჯვითი პოლიტიკის შედეგად გარკვეულ ჩარ­­­ჩოებში მოვაქციოთ ინფლაციის პროცენტი. თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძ­ნოს, რომ ამით მისთვის რაღაც დადებითად შეიცვალა.

ვფიქრობ, ეს არის მთავრობისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის წარმატება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინუსი ნამდვილად დიდ პლუსად გვეთვლება, თუმცა მომავალ წელს მინუსი რომ გაქრეს, კიდევ უფრო უკეთესად გვექნება საქმე, დასძინა საქარ­თველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 17 ივლისს საქარ­თვე­ლოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა პეტრე მამრაძემ გააკეთა კომენტარი იმის შე­სახებ, რომ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან დაიწყო მოლაპარა­კების პროცესი სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს იქ­ნება სერიოზული მოლაპარაკება. ეს არ იქნება ფორმალობა, რადგან ჩვენი პარ­ტნიორები სერიოზული ხალხია, ისინი სერიოზული ლიდერები არიან და წარმოად­გენენ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს, ეთნიკური ოსების დიდ ნაწილს. ჩვენ, განაგრძნო საქართველოს პრეზიდენტმა, გვმართებს მათთან სერიოზული საუ­ბარი და საკითხების სერიოზულად გან­ხილვა. ამ საკითხს უნდა მივუდგეთ გარ­კვეული სიფრთხილით და ამავე დროს ძა­ლიან თამამად. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აღვადგინოთ კავშირი ყვე­ლა სოფელს, თემს, ადამიანსა და საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს, მისი საზოგადოების მნიშვნელოვან, ძალიან ძვირფას ნა­წილს შორის. გუშინ ჩემი დავალებით რეგიონში ჩაიყვანეს ტრაქტორები, რომლებიც, ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა, გადაეცა საქართველოს იურის­დიქციის ქვეშ მყოფი სოფ­ლების მოსახლეობას, და არა ქართულ და ოსურ სოფლებს. არ არსებობს არანაირი ოსური მხარე და ქართული მხარე. ყველამ ამო­შალეთ ეს გამოთქმა ლექსიკონიდან, რომელიც არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ მთავრობის ზოგიერთ წევრსაც სჩვე­ვია - ოსური სოფელი, ქართული სოფელი. მინდა გითხრათ, რომ იმ სოფლებში, სა­დაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ასევე ეთნიკურად შერეული. ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ყვე­ლანი ერთნი არიან, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პროგრამები. ჩვენ იქ ვაშენებთ რამ­დენიმე კულტურულ ობიექტს, ყველა სკოლა კარგად ეწყობა და, საერთოდ, კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხე­ლი ადგილზე განათლების სფეროს განვითარებას, აგრეთვე იმ პროგ­რამების გან­ხორციელებას, რომლებიც ითვალისწინებენ ადამია­ნებს შორის ნდობის აღდგენას, კონფლიქტის დარეგულირებას, კრიზისების დაძლევას.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ფარ­გლებში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონო­მიური ოლქის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მუშაობს დიმიტრი სანაკოევის ადმინის­ტრაციასთან მოლაპარაკებისა და ურთიერ­თო­ბის საკითხებზე. ეს ჯგუფი საჭიროა ჩენი მუშაობის ყოველდღიური კოორდინა­ციისათვის. ჩვენ გვჭირდება საკითხების ყო­ველდღიურად გადაწყვეტა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის პროგრამები, რომელთა დაფინანსების თაობაზე სათანადო გადა­წყვეტილებები უკვე მიღებულია.

მან მოუწოდა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომ ჩაერ­თონ ამ მუშაობაში და ყველამ გაითვალისწინოს, რომ არსებობს დროის გარკვეული ჩარჩო. უნდა ვიმუ­შაოთ დღე და ღამე, ისე, რომ თითოეულმა ადამიანმა დაინახოს განსხვავება. ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ადამიანთა განწყობისათვის, მათი გულების მოსაგებად, ბრძოლა ბევრად უფრო მდიდარ, მაგრამ არცთუ ისე მოქნილ მექანიზმებსა, რომელ­თაც მართლაც არ ესმით ადგილობრივი ფუნდამენტური პრობლემები, და საქარ­თველოს შორის, რომელიც არის ქართველების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანე­ლების და ყველა სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანის სახელმწიფო. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩვენთვის ყველა სახელმწიფოებრივად ქართველები და ჩვენი ყველაზე ძვირფასი მოქალაქეები არიან.

ვფიქრობ, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მუშაობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე ბევრად უფრო ინტენსიური და ქმედითი უნდა გახდეს, უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მასში საერთაშორისო თანამეგობრობა, ვიდრე ეს დღეს არის, და ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს საქართველოს მთავრობა. ჩვენ გვაქვს წარმატებები ადგილზე, ცხინვალის რეგიონში მთლიანად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა კონფლიქტთან და სიტუაციასთან მიმართებაში. აქ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო და ხარვეზია, მიუხე­დავად იმისა, რომ ამ საქმეში მრავალი პროფესიონალია დასაქმებული. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რეაგირების მდგომარეობაში, პირიქით, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ქმედითი.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ღონისძიებას, რო­მელიც ითვალისწინებს ახალქალაქიდან და ქვემო ქართლის რაიონებიდან სხვა­დასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი 100-100 ახალგაზრდის ჩამოყვანას და ქართული ენის დასაუფლებლად სპეციალურ ფაკულტეტებზე მათ მომზადებას. ძალ­ზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში დაეუფლონ უმაღლეს განათლებას და ამისათვის არ წავიდნენ სხვა ქვეყ­ნებში. ამ ეტაპზე ქართული ენის ცოდნის დაბალმა დონემ მათ ხელი არ უნდა შეუ­შალოს, ეს არ უნდა გახდეს მათთვის გადაულახავი დაბრკოლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გზაზე. ის, რომ მათ კარგად არ იციან ქართუ­ლი ენა, მათი ბრალი არ არის. პირიქით, ისინი დიდ სურვილს გამოთქვამენ ენის შესასწავლად და თუ ეს საქმე ჯერჯერობით მოუგვარებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით საამისოდ კარგად ორგანიზებული. მოსამზადებელი ფაკულტეტები, სხვადასხვა ტექნოლოგიები, უამრავი სხვა საშუალება არსებობს ამ ხალხის ინტეგ­რაციისათვის.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი