2007 წლის 15 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 51 საკითხი. დღის წესრიგი
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეფექტიანად გრძელდება ღორის აფრიკული ჭირის საწინააღმდეგო ღონისძიებებათა განხორციელება, რის შედეგად მნიშვნელოვნად იკლო ღორების გაწყდომამ. ამჟამად ჩვენი ამოცანაა, რომ ინფექცია არ გავრცელდეს იმ რაიონებსა თუ სოფლებში, სადაც დაავადება არ გამოვლინდა. მან სთხოვა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს პეტრე ცისკარიშვილს მთავრობის წევრების ინფორმირება ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ ქვეყანაში გეგმაზომიერად ხორციელდება ღორის აფრიკული ჭირის საწინააღმდეგო ღონისძიებები. კერძოდ, შექნილია სპეციალური ჯგუფები, რომელთა მოვალეობაა სოფლებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელებზე, მიტოვებულ შენობებში, მდინარეებში, წყალსატევებში და სხვა ადგილებში ღორის ლეშების გამოვლენა და სათანადო წესების დაცვით მათი დამარხვა, ზედამხედველობის გარეშე მყოფი ღორების განადგურება. აკრძალულია ქვეყნის ტერიტორიაზე ღორის ხორცის ან ცოცხალი ღორის ტრანსპორტირება. ამჟამად მთელი ძალისხმევა მიმართულია იქეთ, რომ არ მოხდეს დაავადების აღმძვრელის შეღწევა იმ სოფლებში, სადაც დაავადება არ არის რეგისტრირებული. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ღორის სულადობის შემდგომი აღწარმოებისათვის. ამ ღონისძიებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აგრეთვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. მან ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ საქართველოში შეიქნება ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ოთხი ლაბორატორია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს გაწეული საქმიანობისათვის და მოუწოდა დასახულ ღონისძიებათა კიდევ უფრო აქტიურად განხორციელებისაკენ.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი