საქართველოს მთავრობის დადგენილება №284
17 დეკემბერი, 2007
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის N264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის N264 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, N172, მუხლი 1907) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება მოსახლეობასთან საკომუნიკაციო მომსახურებისა და ამ მომსახურებისათვის საჭირო საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესყიდვის, აგრეთვე სარეგისტრაციო პუნქტებში აღნიშნული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის საიმიჯო მასალების დამზადება-განთავსების მიზნით.";
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის":
ბ.ა) მე-2 მუხლის ,,ა.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მაძიებელი შეიძლება იყოს 25-65 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 130 000 (ას ოცდაათი ათასი) პირს;";
ბ.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პროფესიული მომზადების (გადამზადების) მსურველ მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიზნით პირველ ეტაპზე ქალაქ თბილისში, ხოლო შემდგომ ეტაპობრივად სხვა ქალაქებში (ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში) სარეგისტრაციო ცენტრების ორგანიზებას;".
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე