საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №273

საქართველოს მთავრობის დადგენილება №273
17 დეკემბერი, 2007

ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის - ,,ღირსეული დასაწყისი" - დამტკიცების შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე" ქვეპუნტის საფუძველზე დამტკი-ცდეს ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმა­რების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა - ,,ღირსეული დასაწყისი", დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებისა­თვის საჭირო ასიგნებათა ასახვა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის სამინისტრომ დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა უზრუნველყოს ,,ღირსეული დასაწყისის" ბარათის ფორმის დამტკიცება.

4. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შეზღუ­დულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საქარ­თველოს ეკონომიკური განვი-თარების სამინისტრომ და სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ საჭირო მომსახურების ან/და საქონლის შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 17 დეკემბრის
N273 დადგენილებით

ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა - ,,ღირსეული დასაწყისი"


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.


მუხლი 2. პროგრამის მონაწილე პირები

ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების და­ხ­მა­­რების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში - ,,ღირსეული დასაწყისი" (შემდგომში - პროგრამა) მონაწილეობას მიიღებენ:

ა) დონორები (ფიზიკური და იურიდიული პირები) ნება­ყოფ­ლობის საფუძველზე;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია­ლური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი - სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო);
გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრო;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო რეესტრის საა­გენ­ტო;
ე) საბანკო დაწესებულება - კანონმდებლობის შესაბა­მისად ლიცენზირებული იური-დიული პირი, რომელიც გამო­ხატავს სურვილს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში და სააგენტოსთან გააფორმებს ხელშეკრულებას;
ვ) მოსარგებლე - ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა­ში და ბავშვის დაბადების დღისთვის ან ბავშვის დაბა-დებიდან 6 თვის განმავლობაში მინიჭებული აქვს 100 000 ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა.


მუხლი 3. პროგრამის ფარგლებში მონაწილე პირთა კომპეტენცია

1. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერისათვის ნებაყო­ფლობის საფუძველზე დონო-რები (ფიზიკური და იურიდიული პირები) ახორციელებენ შემოწირულობებს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე თანხების ჩარიცხვით.

2. სააგენტო უზრუნელვყოფს:

ა) ,,ღირსეული დასაწყისის" ბარათის (შემდგომში - ბარათი) დამზადებას და მოსარგებლეებისათვის გადაცემას;
ბ) საინფორმაციო ბუკლეტების დამზადებას და სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაცემას;
გ) ახალშობილისათვის დახმარების გასაცემად საბანკო დაწესებულებასთან ხელშეკრულების გაფორმებას. სააგენტო უფლებამოსილია ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარე­ბის გასაცემად ხელშეკრულება გააფორმოს ყველა იმ საბანკო დაწესებულებასთან, რომელიც წერილობით გამოხატავს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს ბარათის განაღდებაში;
დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით მოსარგებლეე­ბისათვის ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარის გაცემას.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ პროგრამის თაობაზე მოსახლეობის ინ­ფორმირებას (მათ შორის, საინფორმაციო კლიპების დამზადებასა და განთავსებას).

4. სსიპ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებას.

5. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ბარათის განაღდებას;
ბ) სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სააგენტოსათვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას განაღდებული ბარათისა და გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად.
6. ბარათის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გამყალბებელს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. ბარათი არის მატერიალური ფორმის ფი­ნანსური ინსტრუმენტი, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. ბარათის მისაღებად მოსარგებლის წარმომადგენელმა სააგენტოს შესაბამის ტერი­ტორიულ ერთე­ულში უნდა წარადგინოს:

ა) ახალშობილის მშობლის პირადობის დამადასტურებე­ლი დოკუმენტი;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა.

2. ბარათის მისაღებად მოსარგებლე განცხადებით მი­მართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები. განცხადების წარმოდგენიდან არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს ტერიტორიული ერთეული მოსარგებლეს გადასცემს ბარათს ან დასაბუთებულ უარს.

3. ბარათს გასანაღდებლად მოსარგებლე წარუდგენს იმ საბანკო დაწესებულებას, რომელთანაც სააგენტოს გაფორმე­ბუ­ლი აქვს ხელშეკრულება.


მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესა­ბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი სახსრები, რომლის ფარგლებშიც დაიფარება პროგრამით გათვალისწინებული დახმარებისა და პროგრამის ადმინისტრი­რებასთან (მათ შორის საბანკო მომსახურება) დაკავშირებული ხარჯები.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროსა და სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი სამინისტროსათვის გამოყო­ფილ ასიგნებათა ფარგლებში.


მუხლი 6. პროგრამის მოქმედების ვადა

პროგრამის მოქმედების ვადად განისაზღვროს 5 წელი.