საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N235

საქართველოს მთავრობის დადგენილება N235
20 დეკემბერი, 2006

,,რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის N212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის N212 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N136, მუხლი 1508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 1.
ეს დებულება განსაზღვრავს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემდგომში - ლიცენზია) (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გამცემ ორგანოს, გაცემის წესსა და პირობებს.";
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.
ლიცენზიის გამცემი ორგანოა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია).";
გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს კომისია.";
დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს კომისია.";
ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6.
რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) ლიცენზიის ფორმა მტკიცდება კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი