საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება N197

საქართველოს მთავრობის დადგენილება N197
25 ოქტომბერი, 2006

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნომატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებით (სსმ, 2006 წელი, N35, III ნაწილი, მუხლი 430) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემ­დგომში - ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლისის N653 ბრძანებულებით.
2. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულე­ბებით, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესა­ხებ" საქართველოს კანონით, საკანონმდებლო, კანონქვემდე­ბარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.".
2. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფონდის ძირითადი მიზანია დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქარ­თველოში მეცნიერების განვითარებას.";
ბ) მე-2 პუნქტის ,,ა", ,,გ", ,,დ", ,,ე", ,,ვ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამეცნიერო გრანტების გაცემის საშუალებით ხელი შეუ­წყოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-ტექნო­ლოგიური კვლევების განხორციელებას;
გ) ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში;
დ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებ­თან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობა­თაშორის, უწყებათაშორის შეთანხმებათა და ხელშეკრულე­ბათა პროექტების მომზადებაში;
ე) მოაწყოს სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და სიმპოზიუმები, გამოაცხადოს კონკურსები სხვადასხვა სახის გრანტებისა და პრემიების მოსაპოვებლად;
ვ) პოპულარიზაცია გაუწიოს სამეცნიერო კვლევებს.";
გ) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტი;
დ) მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საკონკურსო საფუძველზე ახორციელებს:
ა.ა) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევას დასაფი­ნან­­სებლად იმ მიმართულებათა შესაბამისად, რომლე­ბიც ცხა­დ­­დება პრიორიტეტულად;
ა.ბ) პროექტების შერჩევას სხვადასხვა სახის გრანტების, მათ შორის მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ღონის­ძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოკლევადიანი ინდივიდუა­ლური სამოგზაურო გრანტების მოსაპოვებლად;".
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ფონდის მართვა
1. ფონდის მართვის ორგანოები არიან:
ა) დირექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო.
2. ფონდის მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.".
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. ფონდის სამეცნიერო საბჭო
1. ფონდის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.
3. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამ­ტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუ­დულქმედუნარიანად აღიარება;
ე) დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებ­ლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
4. სამეცნიერო საბჭო:
ა) ზედამხედველო­ბას უწევს ფონდის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანგარიშს;
გ) განსაზღვრავს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმარ­თულებებს და იღებს რეკომენდაციას კონკურსის გამოცხადების შესახებ;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაო­ბის ყოველწლიურ ანგარიშს;
ე) ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;
ვ) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში - პროექტის დაფინანსების შეწყვეტა. სამეცნიერო საგრანტო პროექტის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებაში საბჭო განსაზღვრავს, არის თუ არა დირექტორი უფლებამოსილი კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში საბჭოს თან­ხმობის გარეშე განაახლოს მისი დაფინანსება.
5. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 არიან მეცნიერები.
6. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისა­ზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიე­ბის კვოტით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის - ერთი კვოტით.
7. საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათ­ლებლო დაწესებულებების კვოტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კანონმდებლობის საფუ­ძველზე შემუშავებული წესის შესაბამისად.
8. საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქარ­თვე­ლოს მთავრობის კვოტით, რომელსაც საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამ­ტკი­ცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
10. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
11. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, რო­მელიც აირჩევა საბჭოს წევრთაგან საკუთარი უფლებამოსი­ლე­ბის ვადით საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლე­სობით.
12. საბჭოს სხდომებს ესწრება ფონდის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით.
13. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება; ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
14. საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც, რაც განისაზღვრება საბჭოს მიერ დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის დირექტორის, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი გან­ცხადების საფუძველზე განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.".
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ფონდის დირექტორი
1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დი­რექ­ტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატურას არჩევს საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსის მოწყობის თარი­ღსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საქართველოს განა­თლებისა და მეცნიერების მინისტრი კონკურსის გამართვამდე სულ ბევრი 15 დღით ადრე. შერჩეულ კანდიდატს 10 დღეში წარუდგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
3. ფონდის დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
ბ) აცხადებს საგრანტო კონკურსებს;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით ამტკიცებს სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მი­ნი­ჭების წესს, აცხადებს კონკურსებს;
დ) ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს; საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭების შემთხვევაში შეჩერებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შესრულების შემდეგ განაახლებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში იწვევს საბჭოს პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ე) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს დირექ­ტორის მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას;
ვ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრო­მელთა შორის;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარ­გავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;
თ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, ადგენს ფონდის აპარატის თანამშრომელთა ანაზ­ღაურების ოდენობებსა და პირობებს;
ი) კონკურსის წესით სამსახურში იწვევს ფონდის თანამშრომლებს;
კ) საბჭოს წარუდგენს ფონდის მუშაობისა და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს;
ლ) აქვეყნებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითა­რების შესახებ მონაცემებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ მო­ვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლო­ბით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:
ა) პირადი სურვილით;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამ­ტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ­ქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
5. დირექტორი პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობისათვის.".
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. ფონდის სტრუქტურა
1. ფონდის სტრუქტურა ყალიბდება ფონდის ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად.
2. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს თანხმობით.".
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ფონდის ფინანსები
1. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზა­ციე­ბი­სა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახ­სრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნე­ბისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.".
8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. ფონდის ქონება
ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებ­ლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.".
9. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ფონდს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლე­ბით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.".

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი