საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N854-1

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დანართი


1. შესავალი


2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ოკუპაციას შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება მოჰყვა ცხინვალის რეგიონიდან, აჟარის მუნიციპალიტეტიდან და გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, აგრეთვე ქარელისა და კასპის რაიონებიდან. მათი ძირითადი ნაწილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდა, ხოლო ნაწილი ვერ ბრუნდება და დროებით თავშესაფარში აგრძელებს ცხოვრებას. მათგან გამოიყოფა შემდეგი კატეგორია: ისინი, ვინც ვერ ბრუნდებიან ცხინვალის რეგიონში და აჟარის მუნიციპალიტეტში; ისინი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა.
უსახლკაროდ დარჩენილთა პრობლემას თან სდევს 1991-1993 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო და განსახლების პრობლემები. დღეისათვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 223 000 დევნილი, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. დევნილთა ნაწილი განთავსებულია კომპაქტურად განსახლების ობიექტებში, ხოლო დანარჩენმა ნაწილმა თავშესაფარი ინდივიდუალურად მოიპოვა - ნათესავებთან, მეგობრებთან ან ქირით. ამჟამად კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ცხოვრობს დევნილთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ობიექტების უმრავლესობაში საყოფაცხოვრებო პირობები მძიმეა.
`იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და `რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის N667 განკარგულების ძირითადი პრინციპებზე დაყრდნობით ეს დოკუმენტი აყალიბებს ერთიან ხედვას ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტად.

2. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების, უსახლკაროდ დარჩენილთა ადეკვატური განსახლებისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში მათი ჩართვის მიზნით დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება სამ ეტაპად.

2.1. პირველი ეტაპი ითვალისწინებს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომლის მიზანია უსახლკაროდ დარჩენილებს გააჩნდეთ თავშესაფარი, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და საკვები.

2.2. მეორე ეტაპი ითვალისწინებს მათთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას მოკლევადიან პერიოდში, სანამ არ შეიქმნება პირობები მათი პრობლემების გრძლევადიანი გადაწყვეტისათვის. აღნიშნულ ეტაპზე მათ უნდა გააჩნდეთ თავშესაფარი, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ აუცილებელი ჰიგიენური პირობებით, გათბობით, ელექტროენერგიით, კომუნალური სამზარეულოთი, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით და სურსათით.

2.3. მესამე ეტაპი ითვალისწინებს მათი პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას:
ა) უსახლკაროთა ნაწილი, რომელნიც ვერ შეძლებენ დაბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში, უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით ან სახლითა და მიწის ნაკვეთით შიდა ქართლსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ახალი დასახლებები ახლოს იქნება რეგიონის ძირითად კომუნიკაციებთან და დასახლებულ პუნქტებთან;
ბ) რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი ბინები და ინდივიდუალური სახლები შეკეთება;
გ) დაზარალებული მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით, უნდა განხორციელდეს დამატებითი ღონისძიებები, რომლის შედეგად ისინი აღარ იქნებიან სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულნი. კერძოდ: ავეჯის, აუცილებელი სამომ-ხმარებლო ნივთებისა და საკვების მარაგის გადაცემა, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და გაზის ვაუჩერის ან შეშის (100 კვტ/სთ ელექტროენერგიის ვაუჩერი თვეში და 100 მ3³გაზის ვაუჩერი თვეში ან 5 მ3 შეშა სეზონის განმავლობაში) გადაცემა;
დ) სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, დასახლებული ოჯახები ჩართულნი იქნებიან სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში და უზრუნველყოფილნი იქნებიან სამედიცინო დაზღვევით;
ე) განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებიდან დახმარებას მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ.

3. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში პრიორიტეტულ მიართულებად გამოიყოს დევნილთა ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლების გრძელვადიანი გადაწყვეტა, მათი სახელწიფოზე დამოკიდებულების შემცირება, ხოლო უკიდურესად გაჭირვებული დევნილების ერთიან სოციალურ პროგრამაში მოქცევა. დღევანდელი მდგომარეობით დევნილთა საერთო რაოდენობა არის დაახლოებით 223 000, ხოლო დევნილ ოჯახთა რაოდენობა არის 78 000. აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ეტაპობრივ დახურვას და სხვადასხვა განსახლების ღონისძიებების შეთავაზებას. დევნილთა განსახლების პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად:

3.1. პირველ ეტაპზე დადგინდება ის დევნილი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებებში ან არაორგანიზებულად - მიმღებ ოჯახებში. ასევე შეირჩევა ის კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, რომელთა შეღავათიანი პრივატიზაცია დევნილთა მიერ მიზანშეწონილია. ასეთი ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობისა და ძირითადი საცხოვრებელი პირობების მოთხოვნებს.

3.2. მეორე ეტაპზე დევნილების მიერ შეღავათიანი პრივატიზებისათვის გზით საკუთრებაში გადასაცემად შერჩეულ ობიექტებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (თუ საცხოვრებელში არ არის მინიმალური პირობები) მოეწყობა მინიმალური საცხოვრებელი პირობები.

3.3. მესამე ეტაპზე დაიწყება დევნილების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) განსახლება:
ა) დევნილი ოჯახებისთვის არსებული ბინებისა და ინდივიდუალური სახლების შეძენა და საკუთრებაში გადაცემა;
ბ) საქართველოს რეგიონებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების აშენება, რომლებიც დევნილებს გადაეცემათ კერძო საკუთრებაში;
გ) ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილებისათვის, რომლებიც დატოვებენ მათ დროებით საცხოვრებელ ადგილებს და განსახლდებიან სხვა ქალაქებში ან რეგიონებში.

4. მეოთხე ეტაპზე მოხდება უკიდურესად გაჭირვებული დევნილების სოციალურ პროგრამებში ინტეგრაცია, რის შედეგადაც დევნილები დახმარებას საჭიროებისამებრ მიიღებენ და არა სტატუსიდან გამომდინარე.
4.1. დევნილთა სტატუსი არ იქნება დაკავშირებული ეკონომიკური დახმარების მიღებასთან (ეკონომიკური დახმარება მოიცავს ყველა იმ სახელმწიფო დახმარების მიღებას, რაც კანონმდებლობით განსაზღვრულია დევნილებისათვის). დევნილს ეკონომიკური დახმარება შეუწყდება, როდესაც ის ნებაყოფლობით მიიღებს საცხოვრებელს ან კომპენსაციას ან უკვე მიღებული აქვს კომპენსაცია;

5. დევნილებისა და აგვისტოს მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილის აღრიცხვა მოხდება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ. ყველა სახის ფულადი თანხის გადახდა მოხდება სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ.

6. ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევისათვის განხორ-ციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

7. სტრატეგიის რეალიზების კოორდინაციას განახორ-ციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, რისთვისაც შემუშავდება მოქმედების დეტალური გეგმა ფინანსური გაანგარიშებით.