საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N547

საქართველოს მთავრობის განკარგულება N547
22 ნოემბერი, 2006

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების" სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის შესაბამისად ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების" 2006 წლის სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე საქართველოს მოსახლეობისათვის ფულადი დახმარების გაცემის უწყვეტობისა და ადმინისტრირების ეფექტიანად განხორციელების მიზნით:
ა) ეთხოვოთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის N44/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების" სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირება, ხოლო 2006 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა პირადი საქმეების ინვენტარიზაცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის გადაცემა;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა (ლ. ჭიპაშვილი) 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების" სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლის საფუძველზეც 2007 წლიდან სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებისათვის (შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა, გადაანგარიშება) პასუხისმგებელ სუბიექტად განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, გარდა ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისა, რომელთა სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებისათვის პასუხისმგებელ სუბიექტად დარჩებიან შესაბამისად - ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობსია და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი