ზურაბ ნოღაიდელი დაიბადა 1964 წელს ქ. ქობულეთში.
1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988-89 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989-1990 წლებში იყო ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1989-92 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1996-97 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999 წლის ნოემბრიდან 2000 წლის მაისამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე. 2000 წლის მაისიდან 2001 წლის 1 ნოემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2002-2003 წლებში იყო სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003 წლის აპრილიდან ნოემბრამდე მუშაობდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორად.
2003 წლის ნოემბრიდან 2005 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.