ვლადიმერ გურგენიძე დაიბადა 1970 წლის 7 დეკემბერს.
2006 წლის მაისში ლადო გურგენიძე არჩეულ იქნა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. სამეთვალყურეო საბჭოში არჩევამდე 2004 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ლადო გურგენიძე მოღვაწეობდა "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორად. ლადო გურგენიძე აგრეთვე არის "გალტ ენდ თაგგარტ სიქიურითისა" და "გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აგრეთვე საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
სამ წელიწადზე ნაკლებ დროში ლადო გურგენიძემ შეკრიბა გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომლებიც "საქართველოს ბანკში" მოსვლამდე მუშაობდნენ "ეი ბი ენ ამროში" (ABN AMRO), "იუ ბი ეს"-ში (UBS), "გოლდმან საქს-ში" (Goldman Sachs), "კრედიტ სუისში" (Credit Suisse), "ნომურაში" (Nomura), "დოიჩე ბანკში" (Deutsche Bank), "მორგან სტენლიში" (Morgan Stanely), "რაიფაიზეინ-ში" (Raiffeisen), "იუნიკრედიტში" (UniCredit), "ჯეი ფი მორგანსა" (JP Morgan) და სხვა მსოფლიოში ცნობილ კომპანიებში. აღნიშნული გუნდის მუშაობის შედეგად "საქართველოს ბანკი" 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საბაზრო კაპიტალიზაციისა და მთლიანი აქტივების მიხედვით 18%-იანი საბაზრო წილის მქონე, ადგილობრივი საფონდო ბირჟის ლისტინგში მყოფი, კომპანიიდან გადაიქცა 952 მილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციისა და მთლიანი აქტივების მიხედვით 34%-იანი საბაზრო წილის მქონე, ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში მყოფ უნივერსალურ ბანკად საქართველოსა და უკრაინაში. "საქართველოს ბანკის" აქციონერების 85%-ს უცხოური საინვესტიციო ფონდები ფლობენ, ხოლო თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების წილი 91%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, ხოლო ევროპისა და აზიის მზარდ ქვეყნებს შორის სიდიდით მეორეა.
"საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ლადო გურგენიძე იყო მმართველი დირექტორი და ევროპის რეგიონული მენეჯერი "პუტნამ ლოველ-ში" (Putnam Lovell), წამყვან საინვესტიციო ბანკში, რომელიც ახლახან შეისყიდა კომპანი-ამ "ჯეფერის" (Jefferies). "პუტნამ ლოველში" (Putnam Lovell) მუშაობის დაწყებამდე ლადო გურგენიძე მუშაობდა "ეი-ბი-ენ ამროში" სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის: მმართ-ველ დირექტორად და ტექნოლოგიური სექტორის კორპორატიული ფინანსების ხელმძ-ღვანელად (2001-2003), ევროპის მზარდ ბაზრებზე შესყიდვებისა და შერწყმების ხელმძღვა-ნელად და დირექტორად (1998-2000).
1998 წელს ლონდონში გადასვლამდე ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობდა "ეი-ბი-ენ ამროს" (ABN AMRO) კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტს რუსეთსა და დსთ-ში (1997-1998).
ლადო გურგენიძემ საინვესტიციო საბანკო კარიერა დაიწყო "მიის ფიერსონის" (MeesPierson) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კორპორატიული ფინანსების განყოფილებაში. ლადო გურგენიძეს აქვს ათწლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში.
ლადო გურგენიძე სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიდელბერის კოლეჯში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მიღებული აქვს ემორის უნივერსიტეტის გოიზუეტას ბიზნეს სკოლაში (Goizueta Business School).
2007 წლის 22 ნოემბრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.