საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს განვითარების პროექტებისათვის დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარი დახმარება გამოიყოფა

პრემიერ მინისტრის და ჯონ დანილოვიჩის შეხვედრა2008 წლის 20 ნოემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ დანილოვიჩმა ხელი მოაწერეს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მიმდინარე პროგრამის (295,3 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში, დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რის შედეგადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზრდება.

დამატებითი ფინანსური დახმარება მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს, კერძოდ კი: განხორციელდება სამცხე-ჯავახეთში გზის დამატებით სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლითაც რეგიონი დაუკავშირდება თურქეთსა და ცენტრალურ საქართველოს. აგრეთვე გათვალისწინებულია სამი ადრეულ ეტაპზე დამტკიცებული მუნიციპალური პროექტის განხორციელება და გაზსაცავის წინა-სამშენებლო პროექტების მომზადება.

"ამ ეტაპზე იგეგმება გაზსაცავის ეკონომიკურ-ტექნიკურ შესწავლითი სამუშაოების ჩატარება და დიზაინის პროექტირება. შესაბამისად, თვითონ ეს სამუშაოები განსაზღვრავს, თუ რომელი ადგილი არის გაზსაცავის მშენებლობისათვის უფრო მისაღების," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე. "ის თანხები, რომლებიც ჩვენ უნდა მივიღოთ დონორებისგან გაწერილია 3 წელზე, ანუ არ არის კონცენტრირებული მხოლოდ 2008 და 2009 წელზე. თანხები აგრეთვე მოიცავს 2010-სა და 2011 წელს" - დასძინა მან.

2006 წლის აპრილიდან, საქართველოს მთავრობის მიერ დაარსებული, საქართველოს ათასწლეულის ფონდი, ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის კორპoრაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებს აგრობიზნესის, რეგიონული განვითარების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, გზის და ენერგეტიკის სფეროებში. ხუთივე პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია: სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიულ გზაზე და ფოთის და ქუთაისის წყალმომარაგების სისტემებზე. წარმატებით დასრულდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, მიმდინარეობს მეორე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები. განხორციელდა სამი მსხვილი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, ხოლო 113-მა ფერმერმა მიიღო აგრობიზნესის გრანტი, ამის შედეგადაც სოფლად 1600-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი