საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

2008 წლის 9 დეკემბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგისიანი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და სომხეთის პრემიერ–მინისტრი ტიგრან სარგისიანი2008 წლის 9 დეკემბერს საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგისიანი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარგისიანის პირისპირ შეხვედრა.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს საქართველოს და სომხეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

გრიგოლ მგალობლიშვილი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგისიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მადლობა გადაუხადა თბილისში ჩამობრძანებისათვის. "საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობები ძალზედ დინამიურად ვითარდება. დღეს საქართველო-სომხეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი, ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის და 2008-2010 წლებში კულტურული თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

მინდა მადლობა გადავუხადო კომისიის ყველა წევრს ძალზედ პროდუქტიული და ნაყოფიერი მუშაობისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრი" - აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა და საინტერესო და ღია საუბრისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი