საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

კონფერენცია: ,,აირჩიე საქართველო”

12 სექტემბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია: ,,აირჩიე საქართველო". კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ,,საქართველოში ასეთ კონფერენციებს რეგულარულად ატარებს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო, ანალოგიური კონფერენციები ტარდება ამერიკაშიც. ამ შეხვედრების შედეგად მივიღეთ საქართველოში განხორციელებული მრავალი ამერიკული ინვესტიცია. მოგეხსენებათ, შარშან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები ნომერ მეორე ინვესტორი ქვეყანა იყო. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ კონფერენციას მოქმედი ინვესტორების გარდა ესწრებიან ისინიც, ვინც პირველად არის ჩვენს ქვეყანაში და ფიქრობენ ინვესტიციების განხორციელებას. მინდა აღვნიშნო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, პირველივე დღეეებიდან, არსებული კაპიტალი სწორად გამოიყენა ღრმა რეფორმების გასატარებლად. ამ რეფორმებმა მოგვცეს შედეგები, რომლებიც შესაბამისი რეიტინგით სათანადოდ შეფასდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა რეალური მაჩვენებლებით 30%-ით გაიზარდა, ნომინალური მაჩვენებლებით გასამმაგდა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, შესაბამისად, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. მარტო წელს საქართველოს ეკონომიკაში იქმნება 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გამოჩნდებიან ბიზნესმენები, რომლებიც მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და საქართველოში განახორციელებენ ახალ ინვესტიციებს" - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი