საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საგადასახადო ადმინისტრაცია მომავალი წლიდან ამოქმედდება

ფინანსთა სამინისტროში ახალი, ეფექტური საგადასახადო ადმინისტრაციის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების გაერთიანება რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობასა და ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციას.

ამ მიზნით 8 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა სამივე უწყების ხელმძღვანელთან ერთად პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც სისტემის რეფორმირების კონკრეტული ვადები და დეტალები შეთანხმდა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ მინისტრის მოადგილეები: ლაშა გოცირიძე და მალხაზ ბეგიაშვილი; სამივე უწყების ხელმძღვანელი: დავით კეზერაშვილი, კახა ბაინდურაშვილი და ზურაბ ანთელიძე; ჯგუფის მუშაობაში მონაწილებას იღებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიც.

პირველ სამუშაო თათბირზე უკვე გაიწერა ჯგუფის კონკრეტული სამუშაო გრაფიკი, რომლის საფუძველზეც:
● 25 აგვისტომდე მომზადდება სამივე უწყების მონაცემთა ბაზის გაერთიანების პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედება ახალი საგადასახადო ადმინისტრაციის ერთიან საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;
● 10 სექტემბრამდე შეიქმნება დროში გაწერილი სამოქმედო სტრატეგია, რომელზე დაყრდნობითაც მოხდება სამივე სტრუქტურის ერთ ინსტიტუციურ ფორმატში გაერთიანება;
● სტრატეგიის დოკუმენტი შეთანხმდება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან;
ფინანსთა მინისტრის ალექსი ალექსიშვილის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის შემდეგ სახელმწიფო მიიღებს კოორდინირებულ, ეფექტიან და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემას, სადაც ერთის მხრივ, მეწარმეს გაუმარტივდება ურთიერთობა ქვეყნის ფისკალურ სამსახურებთან, გაიზრდება გადასახადის გადახდის კულტურა, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფოს გაუადვილდება ადმინისტრირება.

„ახალ საგადასახადო ადმინისტრაციაში გაუმჯობესდება გადამხდელთა მომსახურება და სერვისი, გაიზრდება მისი ეფექტიანობა. გადამხდელი იგრძნობს, რომ მას ურთიერთობა აქვს სახელმწიფო ორგანოსთან, სადაც შემცირებულია ბიუროკრატია, მინიმუმამდეა დაყვანილი ბიზნესსა და საგადასახადო სტრუქტურას შორის კორუფციული გარიგებების თეორიული შესაძლებლობა და ამავე დროს, გამკაცრებულია მონოტორინგი და პასუხისმგებლობა ამგვარი კორუფციული გარიგებების შემთხვევებისას" - აცხადებს ალექსი ალექსიშვილი.
მისი თქმით, უწყებების სამართლებრივი და ინსტიტუციური გაერთიანება არ გულისხმობს კადრების ოპტიმიზაციას და მისი მთავარი მიზანი გადამხდელთათვის ერთიანი საინფორმაციო ბაზის, სერვისისა და კონტროლის შეთავაზებაა.

ფინანსთა მინისტრმა სამივე უწყების ხელმძღვანელს დაავალა დაჩქარებული წესით წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები, ახალი სტრუქტურის მოდელთან დაკავშირებით.
სექტემბერში შემუშავებული სტრატეგია განსახილველად პრეზიდენტსა და მთავრობას წარედგინება. ახალი საგადასახადო ადმინისტრაცია ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი