საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 23 ივნისის მთავრობის სხდომა

2009 წლის 23 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 42 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, საზოგადოებისთვის საინტერესო რამოდენიმე საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

,,მინდა გითხრათ, რომ დღეს აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო მაგისტრალის, დამატებითი 3 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. სამუშაოები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ნოემბრის დასაწყისში, ახალი ორმხრივი გზით შეგვეძლება გორამდე ჩასვლა. მშენებლობას რაც შეეხება, კიდევ გაგრძელდება. მინდა ავღნიშნო, რომ დღეს, ფინანსთა სამინისტროს განსახილველად, ამ გზის დაფინანსების მესამე ტრანში გამოაქვს. ეს არის 160 მილიონი დოლარი, რომელიც მსოფლიო ბანკისგან იქნება მიღებული. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ასევე მსოფლიო ბანკისგან მიღებულ დამატებით კრედიტს განვიხილავთ. ეს არის 50 მილიონი დოლარი გომბორის გზისთვის, რომლის მშენებლობაც საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით უკვე დავიწყეთ. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო ასევე იაფი დაზგვევის პროექტზე, რომელიც უფრო ინტენსიურია ბოლო პერიოდის განმავლობაში, და დღეში 1000 ადამიანი ეზღვევა. ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, ვადები კიდევ სამი კვირით გავაგრძელეთ. ჯამში ამ ეტაპზე 40 ათასი ადამიანია დაზღვეული. ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობის აქტივობა ამ პერიოდის განმავლობაში მოიმატებს,''- განაცხადა ნიკა გილაურმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი კავკასიონის ხაზის ნაწილის აფეთქების ინციდენტსაც შეეხო და ამ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს მდგომარეობის შეფასება სთხოვა, რის შემდგომაც ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან, ფერმერებისადმი, კალიების სიმრავლისგან გამოწვეულ პრობლემების შესახებ მოისმინა და მავნებელის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური