საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა 2010 წლის 2 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარადგინა, რომლის პრიორიტეტებია ქვეყნის გამთლიანება და სიღარიბის დაძლევა.

ნიკა გილაურმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის მთავარი პოლიტიკური მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით და ნატოში გაწევრიანება.

რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკურ მიზნებს, ნიკა გილაურის თქმით სიღარიბის დაძლევა არის მთავარი საზრუნავი აღმასრულებელი ხელისუფლებისა. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში

ჯერ კიდევ არ არის დაძლეული გაჭირვება, ბოლო წლების რეფორმების შედეგად საშუალო ხელფასი ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ რვა პროცენტი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2010 წელი დამაიმედებლად დაიწყო და პირველ კვარტალში 4.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

„ვიმედოვნებ, რომ წელს ზრდა მინიმუმ 4.5 პროცენტით გვექნება," განაცხადა მან პარლამენტარების წინაშე.

ნიკა გილაურის აზრით, მთავრობამ უკეთ უნდა იმუშაოს, რომ ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში, რაზედაც დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

ახალი სამოქმედო პროგრამის მიხედვით, მთავრობის პრიორიტეტებს წარმოადგენს კერძო საკუთრების დაცვა და ხელშეუხებლობა, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, უახლოეს მომავალში ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება, კორუფციის ისედაც დაბალი დონის კიდევ უფრო შემცირება, ღია ეკონომიკის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა სხვადასხვა დარგებში და ა.შ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური