საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით ღია კონკურსი გამოცხადდა ამოსაბეჭდი ვერსია

2023-09-19

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - სემეკი) წევრებს - დავით ნარმანიას და გოჩა შონიას უფლებამოსილების ვადა ეწურებათ 2023 წლის 22 დეკემბერს.


„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის წევრობის კანდიდატების შესარჩევად 2023 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge - ის მეშვეობით.

კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისია. შესარჩევი კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 წევრი არის დამოუკიდებელი.

გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სემეკის წევრობისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება გააჩნია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:


ა) განცხადება, რომელიც შეიცავს კომისიის წევრობის კანდიდატის Curriculum Vitae-ს (CV);
ბ) კომისიის წევრად არჩევის შესახებ თანხმობა;
გ) თანხმობა, შერჩევის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების/ორგანოების მხრიდან მის შესახებ კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტის შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
ვ) არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კანონმდებლობით კომისიის წევრის მიმართ დადგენილ ეთიკის, დამოუკიდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მის მიერ წარდგენილი ან კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნისთვის მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის და დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობა ან უარი;
კ) სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს მის სამუშაო გამოცდილებას, პროფესიულ და მორალურ რეპუტაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

საბუთები მიიღება 2023 წლის 19 სექტემბრიდან - 2023 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, www. hr.gov.ge - ის განაცხადის შევსებით.

შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევას და ადგენს, რამდენად სრულყოფილად არის ისინი წარმოდგენილი.

საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 20 დღის ვადაში შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატების გამოვლენას, მისი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილების, მოტივაციისა და რეპუტაციის შეფასების საფუძველზე. კანდიდატებთან გასაუბრების დანიშვნა ხდება შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით.

თუ გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი პირი მიიღებს მონაწილეობას, შესარჩევმა კომისიამ შესაძლოა, კონკურსის ვადა დამატებით 30 დღით გააგრძელოს.

შესარჩევი კომისია კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად. საქართველოს მთავრობა ითანხმებს კანდიდატებს და წარუდგენს მათ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, კანდიდატებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

თუ საქართველოს მთავრობამ არ შეითანხმა შესარჩევი კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები ან საქართველოს პარლამენტმა არ აირჩია კომისიის წევრები, შესარჩევი კონკურსი ტარდება განმეორებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/81126?active=1

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის
კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის N386 დადგენილება.