საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (EaP) საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფორმატში მასპინძლობს ამოსაბეჭდი ვერსია

2023-09-28

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მმართველობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობის პროგრამასთან (SIGMA) ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ორდღიანი შეხვედრების ფორმატში მასპინძლობს.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ და SIGMA-ს ხელმძღვანელმა, გრეგორ ვირანტმა გახსნეს.

ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები. შეხვედრებს ონლაინ ფორმატში ესწრებიან ფინეთისა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლები.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საჯარო მმართველობის პრინციპებს, EaP ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მიღწევებს, მათ შორის, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მონაწილე ქვეყნები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების ფორმატებსა და შესაძლებლობებს.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმა OECD/SIGMA-ს მიერ შემუშავებულ ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ესენია: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო მმართველობის რეფორმა ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური