საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 8 თებერვლის მთავრობის სხდომა

2011 წლის 8 თებერვლის მთავრობის სხდომა 2011 წლის 8 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 47 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციაზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრმიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხებზე განხილვამდე, საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ერთ საკითხზე ინფორმაცია მინდა მივაწოდო. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეს ერთერთი მთავარი საკითხია. საკითხი ეხება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას. მოგახსენებთ, რამოდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა დამავალა სხვადასხვა ვარიანტები განმეხილა, თუ როგორ შეიძლება ამ სამინისტროს რეორგანიზაცია. ვიმუშავეთ როგორც გოგასთან (ხაჩიძე) ერთად, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. განხილული გვქონდა რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტი.

დღეს ამ ვარიანტების შეჯამება გვექნება და შევეცდებით, რომ უახლოეს დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარვუდგინოთ. ცვლილებების ძირითადი შინაარსი არის შემდეგი: გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები გაეყოფა, გარემოს დაცვის საკითხები და ეკოლოგიური საკითხები დარჩება ამავე სამინისტროში, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი რესურსების საკითხებს და ლიცენზირებას, გამოეყოფა და შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტროს. ენერგეტიკის სამინისტრო გადაკეთდება სხვა პროფილის სამინისტროდ, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სამინისტრო იქნება. დღეს ენერგეტიკის სამინისტრო სწორად ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მუშაობს, ჰიდრორესურსების ათვისებაზე. მთლიანად ლიცენზირებას და ბუნებრივი რესურსების ათვისებას და გამოყენებას რაც შეეხება, ამ სამინისტროში შევა. სწორად ეს სამინისტრო იქნება ამ საკითხების კურატორი. დაცული ტერიტორიები შეუერთდება ეკონომიკის სამინისტროს ისეთივე სსიპ-ის სახით, როგორიც არის ტურიზმის სსიპ-ი დღეს ეკონომიკის სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტროდან გადავა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ლიცენზირების, აუქციონების მოწყობის საკითხი, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროშია. დეტალები ძალიან ბევრია და ამაზე მუშაობა გაგრძელდება.

უახლოეს დღეებში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს გადავუგზავნით და პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის შემდეგ მაქვს რამოდენიმე შეხვედრა. ვფიქრობ, რომ პარლამენტი როგორც კი დაიწყებს სხდომებს, ეს საკითხი იქნება განხილული და შემდეგი 1 თვის-თვენახევრის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ ამ ორ ახალ მიმართულებას. ანუ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩამოყალიბდება გარემოს დაცვის სამინისტროდ. განიხილება ერთერთი ვარიანტი, რომლის მიხედვით გარემოს დაცვის სამინისტრო გადაკეთდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატად. ენერგეტიკის სამინისტრო გადაკეთდება ბუნებრივი რესურსების და ენერგეტიკის სამინისტროდ. ეს არის მთავარი ცვლილებები, რომლებიც მოხდება ამ მიმართულებით."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური