საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 30 აპრილის მთავრობის სხდომა

2012 წლის 30 აპრილის მთავრობის სხდომა2012 წლის 30 აპრილს საქართველოს მთვრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 61 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჯანდაცვის სფეროს შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"დღეს მთავრობის სხდომაზე 60-ზე მეტი საკითხი უნდა განვიხილოთ, აქედან, ვფიქრობ რომედენიმე განსაკუთრებით დააინტერესებს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში, ხაზი მინდა გავუსვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

პირველი სადაზღვევო სისტემის ახალი ვარიანტია, მეორე ეს არის ჯანდაცვის, რეალურად, თამაშის წესები, რომლებსაც ამ ეტაპზე ვიყენებთ.

როგორც მოგეხსენებათ პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი წესი, ახალი კანონი, რომლის მიხედვით ყველა პენსიონერი, თანამოქალაქე და ყველა ბავშვი 0-დან 5 წლამდე იქნება დაზღვეული. მეორე მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი უნდა საბოლოოდ განვამტკიცოთ; როგორი პაკეტი იქნება წარმოდგენილი, როგორი განფასება ექნება ამ პაკეტს და როგორი წესები გვექნება ამ სადაზღვევო პაკეტების დარიგების და გადანაწილების სადაზღვევო კომპანიოებზე. თბილისში აუქციონის წესები მიგვითითებს, როგორ გადავანაწილებთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებზე. ზურას მინდა ვთხოვო საზოგადოებას განუმარტოს ზუსტად რა წესებზე შევთანხმდით დღეს აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი წლის 1 სექტემბრის შემდეგ ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე იქნება დაზღვეული. ეს რეალური გარღვევაა ჩვენი ჯანდაცვის სფეროში.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის თამაშის წესები, ჯანდაცვის სექტორში. აქამდე საკმაოდ რთული სიტუაცია იყო იმ მხრივ, თუ რა რეგულაციით ურთიერთობენ ერთმანეთში, პაციენტი, საავადმყოფო, კლინიკა და სადაზღვევო კომპანია, რა აქვთ განსაზღვრული. სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და ეს კონტრაქტები, ხშირ შემთხვევაში, არ იყო ხელმისაწვდომი პაციენტისთვის. ახლა მთავრობა დაამტკიცებს ძალიან კონკრეტულ, გამჭირვალე თამაშის წესებს, რომლის შესახებაც ეცოდინება აბსოლუტურად ყველას. ეს იქნება პაციენტზე მორგებული, რომ მისი უფლებები არ იყოს დარღვეული. და თუ რაიმე პრობლემა იქნება პაციენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, პაციენტსა და კლინიკას შორის ან კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას შორის, ამ ყველა პრობლემას მოაგვარებს გარკვეულწილად ეს თამაშის წესები. ზურას ვთხოვ, რომ ამის შესახებაც მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას უახლოესი დღეების განმავლობაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე, ვფიქრობ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის დაფინანსების ხელშეკრულება. ხელშეკრულებას ევროპის საინვესტიციო ბაკნთან ვაფორმებთ. 170 მილიონი ევრო იქნება სესხის ნაწილი, 20 მილიონი ევრო იქნება გრანტის ნაწილი. ეს არის 30 წლიანი სესხი, საიდანაც პირველი 10 წელი არის ე.წ. "Grace Period"-ი, ანუ ქვეყანა პირველი 10 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერს არ იხდის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უდიდესი ნაწილის დაფინანსება უკვე დაკონტრაქტებულია, მშენებლობაც მიმდინარეობს ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე, მშენებლობა მიმდინარეობს ქობულეთის მონაკვეთზე, მშენებლობა მიმდინარეობს აღმოსავლეთის ნაწილის მონაკვეთზე. სწორედ, სამტრედიის შემდგომი ნაწილი იყო დარჩენილი, რომლზეც დაფინანსების წყარო და კონტრაქტი არ გვქონდა. დღეს მთავრობის სხდომა ამ კონტრაქტსაც განიხილავს. ამ კონტრაქტსაც მივიღებთ. იმედია, რამოდენიმე დღეში მოვაწერთ ხელს და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ მონაკვეთის მშენებლობაც."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური