საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის სხდომები

2012 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა

2012 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა 2012 წლის 8 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 69 საკითხი იყო შეტანილი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლების სისტემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

"ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო განათლების სექტორში გატარებულ და გასატარებელ რეფორმებს. ძალიან პოზიტიური სურათი გვაქვს სახეზე. რეფორმების შედეგი უკვე ნათელია. ეს ჩანს, როგორც ეროვნული გამოცდების რეზულტატებში, ასევე მასწავლებლების სერთიფიცირების რეზულტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ტესტის სირთულე იგივეა, ზოგ შემთხვევაში კი, უფრო რთულია, საგრძნობლად შემცირებულია ჩაჭრილთა რაოდენობა. ძალიან დიდი მონდომებაა სკოლების დირექტორების მხრიდან, რომ მაქსიმალურად გააუმჯობესონ სასწავლო პროცესი. ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი სკოლის რეფორმა გავატარეთ ერთის მხრივ, დაფინანსების კუთხით, ხოლო მეორეს მხრივ, წახალისების კუთხით.

გარდა ამისა, სერთიფიცირებული მასწავლებლების წახალისება აშკარად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის დონის გაზრდაში. დღეს ასევე შეხვედრა მქონდა ამერიკელ, ინგლისელ და სხვა უცხოენოვან მასწავლებლებთან, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ საქართველოში და ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ასწავლიდნენ ინგლისურ ენას ჩვენს მასწავლებლებს და ჩვენს მოსწავლეებს. ძალიან წარმატებული პროგრამაა და მის რეზულტატებსაც  აშკარად ვხედავთ. ეს ციფრებით შეიძლება გაიზომოს. მაგალითად, იჭრებოდა მასწავლებლების უმრავლესობა, რომლებიც აბარებდნენ ინგლისურ ენას სერთიფიცირების გამოცდებზე. გასულ წელს კი მათმა უმრავლესობამ უპრობლემოდ გადალახა ეს გამოცდა. გარდა ამისა, ბავშვების 73%-მა, რომლებიც ირჩევნდნენ უცხო ენას ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, წელს აირჩია ინგლისური ენა. არა რუსული, არა ფრანგული, არა გერმანული, არამედ ინგლისური ენა. ვფიქრობ, რომ ინგლისური ენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამ გლობალიზაციის პერიოდში, რაც ჩვენი განათლების სისტემის, ასე ვთქვათ, საყრდენი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ახალ რეფორმას, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა სულ რამოდენიმე დღის წინ. აქ ლაპარაკია 8+1 მოდელზე. ანუ აქამდე არსებული სისტემით მოსწავლეები სკოლაში აბარებდნენ 8 გამოცდას. ეს სისტემა დავნერგეთ გასულ წელს. (მოსწავლეებს) უწევდათ დამატებით 4 გამოცდის ჩაბარება უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით. მათ სჭირდებოდათ ცალკე მომზადება ამ 8 გამოცდისთვის სკოლაში.ვისაც შეეძლო იყვანდა რეპეტიტორებს და იმ 4 გამოცდისთვისაც ემზადებოდა. ეს ზედმეტი ტვირთი იყო ოჯახისთვისაც, ფინანსური ტვირთი და ზედმეტი ტვირთი იყო თვითონ მოსწავლისათვისაც. იძულებულები ვიყავით, რომ ეს სისტემა დაგვენერგა, რადგანაც თავის დროზე რამოდენიმე წლის წინ სკოლებში ასეთი ტიპის კომპიუტერული გამოცდების ჩატარება, გამჭირვალე გამოცდების ჩატარება იყო შეუძლებელი. არც სკოლები იყო აღჭურვილი ამისთვის და არც მასწავლებლები და დირექტორები იყვნენ მოწოდების დონეზე. შესაბამისად, მათში დავნერგეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ნამდვილად  წარმატებული ნაბიჯი და ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაწილი იყო.

თუმცა მოვიდა დრო, რომ ეს რეფორმებიც გადავაკეთოთ, სიახლეები დავთესოთ. შესაბამისად, უკვე მომავალი წლიდან გვექნება სისტემა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეები ჩააბარებენ 8 გამოცდას სკოლაში, პლიუს სკოლაშივე ჩააბარებენ უნარების გამოცდას. ამის მიხედვით მოხდება მათი უნივერსიტეტებში წასვლა. ეს იქნება გადამწყვეტი ქულა, თუ რომელ უნივესიტეტებში ჩააბარებენ. შესაბამისად, აღარ დასჭირდებათ დამატებითი მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აღარ დასჭირდებათ დამატებითი რეპეტიტორების აყვანა და ეს ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ხდება ცივილიზებულ სამყაროში. ევროპის ქვეყნებში და აშშ-შიც სწორედ ეს სისტემაა დანერგილი და ეს სისტემა მუშაობს ძალიან კარგად.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება. ის რეფორმები რომლებსაც გთავაზობთ ამოქმედდება მომავალი წლიდან. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება, ამისთვის ყველაფერი მზად არის, ტესტები ჩამოსულია და 28 რიცხვში გამოცდები დაიწყება. ყველას მინდა ვუსურვო წარმატება ამ გამოცდებში".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური