ირაკლი ჩიქოვანი დაიბადა 1980 წლის 28 აგვისტოს, საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
2005 წელს დაამთავრა ნატოს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია).
მან საჯარო სამსახური დაიწყო 2000 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
2004 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა თავდაცვის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე.
2004 წლის ბოლოს მუშაობა განაგრძო ეროვნულ უშიშროების საბჭოში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორად.
2006 წლიდან იგი შეუერთდა დიპლომატიურ სამსახურს, როგორც ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ასევე ეკავა საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა, ვიდრე დაინიშნებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ 2007 წლის იანვარში.
2009 წელს იგი გადადგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობიდან და ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში.
2009-2011 წლებში იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი.
2011-2014 წლებში იყო მმართველი კოალიციის - „ქართული ოცნება" პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2012 წელს ირაკლი ჩიქოვანი არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად, პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" პარტიული სიით. მერვე მოწვევის პარლამენტში იგი გახლდათ ფრაქციის თავმჯდომარე, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციების წევრი.
2016-2018 წლებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობის, უსაფრთხოების და კანონშემოქმედებითი საქმიანობის საკითხებზე.
2018-2020 წლებში თავდაპირველად იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გაიმარჯვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში. მეათე მოწვევის პარლამენტში არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელი.
2021 წლის დეკემბრიდან არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი.
2023 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.
2024 წლის 9 თებერვლიდან ირაკლი ჩიქოვანი არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი და პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.