საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ Wall Street Journal-სთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-11-26

საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანა კვლავ დასავლეთისკენ მიიწევს

ბრიუსელი, 17 ნოემბერი.
(ინტერვიუ Wall Street Journal-თან)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მისი ქვეყანა არ გადაუხვევს დასავლურ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს წარსულში რამდენიმე პროევროპელი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.
ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში, რათა შეხვედროდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინის და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. ეს მოხდა ორი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი, რასაც მოჰყვა საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების გადადგომა.
ამ მოულოდნელმა მოვლენებმა შეაშფოთა დასავლელი ლიდერები. თუმცა, ბატონმა ღარიბაშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ მთელი მისი მთავრობა ევროპული არჩევანის ერთგულია და ყოფილი მინისტრების მიერ გამოთქმული უკანასკვნელი შენიშვნები ,,ძალიან უპასუხისმგებლო"იყო.

,,ვინ არის პროსაბჭოელი?! ჩვენ ვართ პროდასავლელი", - განაცხადა ბატონმა ღარიბაშვილმა. ,,მათ გამოიგონეს ეს, თითქოს ისინი არიან პროდასავლელები, ხოლო სხვები მთავრობაში - არა. იმის თქმა, რომ მხოლოდ სამი მინისტრი იყო პროდასავლური ორიენტაციის, შეურაცხმყოფელიც კი იყო ჩემი მთავრობისთვის."
ბ-მა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში შიდა პოლიტიკიდან მომდინარეობს. ,,ეს არის მხოლოდ შიდა საკითხი. იგი არაფერ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან", - თქვა მან. ,,ეს უბრალოდ სასაცილოა".
და მაინც, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით მიადევნებენ თვალს მოვლენებს შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ გადაუხვევს კანონის უზენაესობის გზას. საქართველომ ახლახან განახორციელა რამდენიმე მაღალჩინოსანის სამართლებრივი დევნა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, რამაც დასავლეთში ზოგიერთის მხრიდან გამოიწვია კითხვა, იყო თუ არა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებული.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ ახლა საქართველომ უნდა დაგვარწმუნოს დემოკრატიასთან დაკავშირებით თავისი დაპირებების გულწრფელობაში. დღეს, როდესაც ღარიბაშვილს ახალი გუნდი ჰყავს, მას შეუძლია მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ეს გუნდი თამაშის წესებს არ არღვევს.
,,,ეს საქმით უნდა დამტკიცდეს",- თქვა ბატონმა ლინკევიჩუსმა.

ფსონები მაღალია, რადგანაც რუსეთი აძლიერებს ზეწოლას მის პერიფერიებში განლაგებულ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოსა და მოლდოვაზე.
ევროკავშირმა ზაფხულში ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებებს უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან, რაც მიზნად ისახავს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას ამ ქვეყნებთან და, ამასთან ერთად, მოსკოვის აღშფოთებას იწვევს.
საპასუხოდ რუსეთმა განაცხადა, რომ მის დღისწესრიგშია ,,მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შეთანხმება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთან, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშაა. ,,ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიის ანექსიისაკენ", - განაცხადა ბ-მა ღარიბაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ის ცდილობს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს რუსეთთან.
ახლახან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლდოვაში შეხვდა სეპარატისტებსა და პრომოსკოვური სოციალისტური პარტიის ლიდერებს, რითაც მან ხაზი გაუსვა ქვეყანაზე რუსეთის ზეგავლენას მოლდოვის არჩევნების წინ, რომელიც 30 ნოემბერს იმართება.
ევროკავშირი ცდილობს ასეთი ნაბიჯების თავიდან აცილებას. ორშაბათს პირველად შეიკრიბა მაღალი დონის კომიტეტი, რომელიც კოორდინირებას უწევს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ევროკავშირის ოფიციალური პირები კი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ გეგმების განხორციელებას ორ მხარეს შორის სავიზო რეჟიმის მოთხოვნების გამარტივების მიმართულებით.

ბ-ნი ღარიბაშვილი და ნატოს მეთაურმა ბ-ნი სტოლტენბერი შეთანხმდნენ, რომ იმსჯელებენ იმის თაობაზე, თუ როგორ განხორციელდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გეგმა, რომელიც სექტემბერში გაცხადდა.
იოჰანეს ჰანმა, ევროკავშირის გაფართოების წარმომადგენელმა, პარასკევს აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მისი ყველაზე დიდი წუხილია პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის პერსპექტივა. ,,მათ უნდა იზრუნონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ ხდება გარკვეული სასამართლო საქმეების განხილვა,"- თქვა ბ-მა ჰანმა.
ბ-მა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ განახორციელა სასამართლო სისტემის სრული რეფორმირება და ევროპელ ლიდერებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ბ-ნი სააკაშვილისა და სხვების სასამართლო პროცესებს მათი არჩევანის მიხედვით. ,,ეს პროცესები სრულიად ღია და გამჭვირვალეა," - თქვა ბ-მა ღარიბაშვილმა, - ,,თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ ნებისმიერ სასამართლო პროცესს თქვენი კამერების თანხლებით."
მან დასძინა, რომ მინისტრების თანამდებობებიდან წასვლა მოჰყვა თავდაცვის სამინისტროში კორუფციასთან დაკავშირებული ლეგიტიმური გამოძიების დაწყებას. როგორც ბ-მა ღარიბაშვილმა განაცხადა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არასწორად შეაფასა გამოძიება, რამაც მას არ დაუტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინა ალასანია. ბ-მა ალასანიამ აღნიშნა, რომ გამოძიება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართული პროდასავლურად განწყობილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
ბ-მა ღარიბაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ის გადალახავდა ევროპის სკეპტიციზმს. თუმცა, ზოგიერთი ევროპელი ოფიციალური პირი, როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ საჭიროებდა გადარწმუნებას.
"ეს გადამწყვეტი პერიოდია" საქართველოსათვის, განაცხადა ბ-ნმა ლინკევიჩუსმა.