საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) მაკოორდინირებელი უწყების, ორგანიზებით, საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ონლაინ ფორმატში გაიმართა.

საბჭოს შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანა ჩერნიშოვამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EUD) პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა გახსნეს. სხდომას საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების როგორც ზოგადი შედეგები, ასევე რეფორმის მომდევნო ფაზის პრიორიტეტული მიმართულებები. დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს PAR გზამკვლევი 2020-ის განხორციელების ძირითადი მიგნებები გააცნო.

შეხვედრაზე რეფორმის საბჭოს სამდივნოს მიერ ყურადღება გამახვილდა საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. რეფორმაში ჩართულმა დაინტერესებულმა მხარეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ახალი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ხედვები და რეკომენდაციები.

საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტმა ალასტარ სვარბრიკმა და SIGMA-ს სახელით მზადყოფნა გამოხატა მხარი დაუჭიროს საბჭოს ახალი სტრატეგიის მომზადების პროცესში.

საბჭოს შეხვედრაზე ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის კომუნიკაციის სტრატეგიისა და Brand Book-ის პრეზენტაცია გაიმართა. დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის კომუნიკაციის კომპონენტის მნიშვნელობა და სამომავლო ნაბიჯები მის დასახვეწად.

საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის დასასრულს, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი მხარი დაუჭირონ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო, რომელიც ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტებთან. რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით 5 ძირითად მიმართულებასთან ერთად, დამატებით კიდევ ერთ მიმართლებას ითვალისწინებს, ესენია:

 

  • პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია
  • საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა
  • ანგარიშვალდებულება
  • სახელმწიფო სერვისების მიწოდება
  • საჯარო ფინანსების მართვა
  • ადგილობრივი თვითმმართველობა