საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 16 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 600 დევნილ ოჯახს გადაეცა.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.ცვლილებების თანახმად, საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება; სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა სასჯელის გადასინჯვის მექანიზმები და შემოდის შემდგომი, შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ქალაქ ფოთში კი, საფეიქრო, ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება და ამ მიზნით, კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასაქმდება. კიდევ ერთ კომპანიას კი, რომელმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით,გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 1,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური