საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 6 მარტის მთავრობის სხდომა

2018-03-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 41 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე. ცვლილებების თანახმად, მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები იზრდება. ასევე, იზრდება პოლიციელის უფლებამოსილება და განისაზღვრება ის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, რომლებზეც შემაკავებელი ორდერის გამოცემა და იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება პოლიციელს ყველა შემთხვევაში შეეძლება. დანარჩენ შემთხვევაში კი მსხვერპლს ექნება უფლება იმისა, რომ პოლიციელს მოსთხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

ცვლილებები შედის ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც ხდება ხაზგასმა, რომ თუ პირის მიმართ დევნა დაწყებული იქნება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად პრიორიტეტულად განიხილავს ბრალდებულისთვის იარაღის ჩამორთმევის ვალდებულების ან/და გარკვეულ ადგილზე შესვლისა და დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის დაკისრების საკითხს.

საქართველოს მთავრობამ ასევე მხარი დაუჭირა გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრებას.

კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა, მიზნად ისახავს, დაიცვას საქართველოს  მონაპოვარი - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, და ის სარგებელი, რასაც ქვეყანა ამ გზით იღებს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით. კანონი მოახდენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციას და მყარ საკანონმდებლო გარანტიას შეუქმნის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ევროკავშირის ქვეყნებთან.

სახელის შეცვლის ინსტიტუტისაგან განსხვავებით, დღეს მოქმედი რეგულაციით, არ არსებობს შეზღუდვა, თუ რამდენჯერაა შესაძლებელი გვარის შეცვლა. გვართან დაკავშირებულმა ლიბერალურმა რეგულაციამ გარკვეული პრობლემები შექმნა შენგენის სივრცის ქვეყნებთან. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს  ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს მარტივად და მოკლე ვადაში და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში. უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო ვეღარ ხერხდება ამ პირთა იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, საიდანაც გამოაძევეს, ან სადაც შესვლა აკრძალული აქვთ. ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს კვლავ შეეძლება გვარის შეცვლა, მაგრამ სრულწლოვანების შემდეგ მას მოუწევს ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მესამე თაობის (მშობლების პაპა/ბებია) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მესამე თაობის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.

ამ შემთხვევაში მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე.

შეზღუდვა არ გავრცელდება არც იმ შემთხვევებზე, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების მომენტში უნდა მიიღონ. ასევე, ერთხელ გვარის შეცვლის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან  საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

გვარის შეცვლას მოქალაქე ვერ მოახერხებს, თუკი განცხადება წარდგენილი არ იქნება უშუალოდ მის მიერ; ის დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც, ინფრასტრუქტურის სწორ განვითარებასთან ერთად, მკაცრ რეგულაციებს მოიცავს. ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ბაკურიანის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად გარდაქმნას.

გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სწორი განვითარება, გენერალური გეგმა მოიცავს სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ე.წ  „წრის" შიდა ტერიტორიის პარკად ჩამოყალიბებას, მდინარე ბაკურიანულას რესურსის სარეკრეაციო გამოყენებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საბავშვო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ.

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სოფელ მარტყოფში თაბაშირის მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც 218 144 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. ამ მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „პარტნიორს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა.

ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბა ძველში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც,  მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები შპს „ტყიბულის მთის ჩაის" იჯარის უფლებით გადაეცა.

იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს,  იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას, მათ შორის სათბურების, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიმდინარე წლის მაისიდან პატრულ-ინსპექტორები ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამხრე კამერებით აღიჭურვებიან. 2280 სამხრე კამერის სისტემის შესყიდვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოხდება. ახალ კამერებს არსებულთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრები ექნება. შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების ახალი კამერებით აღჭურვა მტკიცებულებების სრულყოფას და მასალის უწყვეტ  რეჟიმში ჩაწერას უზრუნველყოფს.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის შესახებ. მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი განახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აგრეთვე უზრუნველყოფს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური