საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-18

სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის.

„იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე  და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. წლის ბოლომდე ამ მაგისტრალის ახალი  70 კილომეტრი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარე სამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა შაქარაშვილის საქმეზე და  აღნიშნა, რომ სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რათა უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია და ხაზი გაუსვა, რომ ეს  უაღრესად დიდი ტრაგედიაა.
„ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას, ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე, საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ, ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება. ამის მორალური ფაქტორის შეფასება, უკვე ბევრჯერ ვთქვი ამაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ და პირველ რიგში, მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას.

მედია თუ რამეს წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია. ეს არის უაღრესად ცუდი, იმიტომ, რომ მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ  აღნიშნა, შიდა საქმეებში, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზეა.

„მერწმუნეთ და მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, რომ თუკი იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ჩვენ პირველი რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო  დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ, რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი. ამ დასკვნას აკეთებს გამოძიება და ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას", -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ  გახელაძის  საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ  დღეს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული.

„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი  სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმის შესაძლო აღძვრასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს ეხებოდა.
„არ ვიცი დეტალურად, რა გამოძიება იწყება, გავერკვევი. არჩევნებში ვართ. რა თქმა უნდა, ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან, ყველაფერზე. არჩევნების ღირსეულად ჩატარება  არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი, ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის მიზანი, იმიტომ, რომ არჩევნებით შეაფასებენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ როდესაც გვაქვს თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა  ისაუბრა ლუგარის ლაბორატორიაზე და ხაზი გაუსვა, რომ ის, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს, ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში. მე როგორც ვიცი, ჩვენ  დავაფიქსირეთ, რომ არ გვაქვს წინააღმდეგობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი, ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს, რა ხდება ამ ლაბორატორიაში", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას,   „ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებით. 

„მესმის, რომ აქ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგა, დაველოდოთ ცოტა ხანი. მე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიის ნომრით რომელი ვიქნები. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური