საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-18

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გურიაში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გახსნა. 

ახალი 4 ზოლიანი გზა, რომელიც  20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს,  გვერდს აუვლის სამტრედია-გრიგოლეთის გზის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს, რომელიც ვიწრო, არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო როგორც მოსახლეობისათვის, ისე ავტოტრანსპორტისთვის. 

„იხსნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. ეს გზა ძალიან სახიფათო იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე მძღოლებისთვის. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ გურიის მონაკვეთი. აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება დღეს. გარდა ამისა, პირველი მონაკვეთი გაიხსნება მომავალ წელს, სეზონის დაწყებამდე  და მას შემდეგ, რაც დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზაც, სრული მაგისტრალი გვექნება გახსნილი ლანჩხუთამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის. წლის ბოლომდე ამ მაგისტრალის ახალი  70 კილომეტრი გაიხსნება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რიკოთზე მიმდინარესამუშაოები. იქ ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ სულ მალე, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა თანამედროვე მაგისტრალის საშუალებით იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, საერთო ჯამში, მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. მშენებლობას  ევროპის საინესტიციო ბანკი 254 მილიონ ლარით აფინანსებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად  ახალი გზის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია, პარლამენტის დეპუტატი, ნინო წილოსანი და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, ჯაპანა-ლანჩხუთის გზის პროექტის მენეჯერი, ქსიანგ ჯინშენგი ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური