საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-24

...

200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზე გათვლილი სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოში, ამ საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურა ერთად, რა თქმა უნდა, ერთობლივი მიღწევაა და ნამდვილად შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი შესანიშნავი, სისტემური თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა  ერთად მოგვცა ის შედეგი, რომელიც გვაქვს. შედეგი არის ეს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე და ამაზე დიდი მიზანი, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის, როგორც სახელმწიფოს, ისე  ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს წარმატებული და გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, პატარებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის წვლილს ამ პროექტის დასრულებაში.

„აშშ-ი, USAID-ის საშუალებით, ბევრს გვეხმარება ბოლო ათწლეულების განმავლობაში,  ამ დახმარების ჯამური ოდენობა 1.5 მლრდ-ზე მეტია, თუმცა ეს არ განისაზღვრება ფინანსების რაოდენობით, აქ ყველაზე მთავარია ის წვლილი, რომელიც USAID-სა და აშშ-ის მთავრობას ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების მიმართულებით შეაქვთ. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. ინსტიტუტების სიძლიერე, ჩვენი განათლებისა და სამედიცინო სისტემების სიძლიერე, ეს არის ყველაფერი, რაც გზას უხსნის და ქართულ დემოკრატიას ხდის ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო წარმატებულს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. კენ ვოლკერი იყო ამ პროექტის სულის და იდეის ჩამდგმელი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მასაც აქედან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ შესანიშნავ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძობს მუშაობას და ყოველწლიურად ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, იყვნენ ფუნქციურად დამოუკიდებელი, ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები", -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" მიზანია რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო მომსახურებას.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ვიბლერი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური