საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვებს უპასუხა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-24

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ჩვენი მოქალაქის ფუნქციური დამოუკიდებლობა, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდი მიზანია ყველა მთავრობის, თითოეული მოქალაქის და ვფიქრობ, ამ ცენტრს ექნება საერთაშორისო განზომილებაც, რეგიონალური - როგორც მინიმუმ, ძალიან მაგარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაზე" საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ცენტრს შეუძლია, ერთდროულად 200 ბავშვის და 250 ზრდასრულის რეაბილიტაციაზე იმუშაოს.

„ეს არის პირველი საერთაშორისო დონის სამედიცინო - სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აშენდა და როგორც პროექტი შედგა, USAID-ის დახმარებით, კერძო ინვესტორის დახმარებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლაბორაციით. მართლა ძალიან მაგარი რაღაცაა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ცენტრს შეუძლია, ერთდროულად 200 ბავშვის და 250 ზრდასრულის რეაბილიტაციაზე იმუშაოს. მისი მიზანია ის, რომ თითოეული მოქალაქე, მოზარდი, თუ ზრდასრული ფუნქციურად იყოს დამოუკიდებელი. ფუნქციური დამოუკიდებლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენმა მოქალაქეებმა სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამაზე უფრო დიდი მიზანი დღეს ამ ცენტრს არ აქვს. რა თქმა უნდა, შეასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციასაც," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ, სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს -საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზეა საუბარი, როგორებიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.

„რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ, ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლდა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ანგარიშს და განაცხადა, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.


„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. პირიქით, ეს ჩვენს ინტერესშია, იმიტომ, რომ ამ პროცესებში, არავის, ჩვენ თვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანა კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩვენო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტების შეკითხვას, ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი არასერიოზულია".

„ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია. შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა უპასუხა ბოლო პერიოდში მიმდინარე საქმეების გამოძიებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალები კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომ პროაქტიულად მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც.

„გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ვაკეთებდი შსს-შიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიოლოგიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა, ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში და ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება. მე სხვა რამე ვთქვი და აქ ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას ასევე იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის და ეს შესაძლებლობა რომ არ მივცეთ სხვადასხვა ინტერპრეტირების, რაც ასევე მედიის უფლებაა, ამას არავინ კრძალავს, მე ვთქვი რომ ესეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს, პროაქტიულად მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების პროცესი ჯერ კიდევ დასრულებული არაა. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ," -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უპასუხა ასევე საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციაა და ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საკითხი.


„საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. თუ ეს ფოტო ნანახი გაქვთ, ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ასევე „ფრონტერას" საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, უაღრესად მნიშვნელოვანია და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ.


„ფრონტერასთან" მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ - იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და კიდევ ერთი საკითხი - რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი ადამიანები დასაქმებული, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური